გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობის შესახებ კვლევა წარადგინა. კვლევით ირკვევა, რომ სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში 2015 წელთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია. 2017 წელს მოსახლეობის 5% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, 2015 წელს კი ეს მონაცემები 2.1%-ს შეადგენდა.
კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 2017 წელს ბავშვების 6.8% საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, ხოლო 2015 წელს ბავშვების 2.5% ცხოვრობდა სიღარიბეში.
კვლევის მიხედვით, ენსიონერების 3.7% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, მაშინ როდესაც 2015 წელს პენსიონერების 1.7% ცხოვრობდა სიღარიბეში.
„2015 წელთან შედარებით, 2017 წელი აჩვენებს, რომ მოსახლეობაში გაზრდილია სიღარიბის მაჩვენებელი. კვლევამ აჩვენა, რომ გვაქვს სტრუქტურული პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, განათლების თვალსაზრისით და ამ ყველაფერს თანამიმდევრული და დიდი რეფორმები სჭირდება,“- განაცხადა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-ის წარმომადგენელმა, თინათინ ბაუმმა.
კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. დავით სერგეენკოს თქმით, კვლევა ასახავს მიღწევებს და გამოწვევებს.
UNICEF-ის კვლევის შედეგების პრეზენტაციას დეპუტატები ესწრებოდნენ. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ამბობს, რომ სიღარიბის დონე გაიზარდა, თუმცა მოსახლეობის შემოსავლები 26%-ით გაიზარდა.
„ევროპული საქართველოს“ წევრების შეფასებით, კვლევაში შემაშფოთებელი მონაცემებია. წარმოდგენილი ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბე გაზრდილია. ოპოზიციის წევრი ეკონომიკური გუნდის და მთლიანად ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს.