19 ივნისი 2019,   00:10
ვრცლად
კავშირები მერაბიშვილის ციხიდან გაყვანასა და ხორავას ქუჩის საქმეს შორის - ომბუდსმენი ხელისუფლებას გამოძიებისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი ხელისუფლებას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმის ხელახალი გამოძიებისკენ მოუწოდებს. ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის საქმესთან მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმის შესაძლო კავშირზე განცხადების შემდეგ ნინო ლომჯარია ამ საქმეების საერთო ფიგურანტებზე პირველად საუბრობს.

სახალხო დამცველი მოითხოვს დადგინდეს გარემოებები, რის გამო ჩაიფარცხა ორი გახმაურებული საქმე და არ დასაჯეს რეალური დამნაშავეები.

ექსპრემიერის ადვოკატი, ოთარ კახიძე დარწმუნებულია, რომ თუ ამ საქმეებზე სრულყოფილი გამოძიება ჩატარდება, მაშინ ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობა გამოიკვეთება.

„ქართულ ოცნებაში“ ამ ორი საქმის სავარაუდო კავშირთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია. მმართველ გუნდი საგამოძიებო კომისიის შედეგების მოლოდინშია.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ორივე საქმის უკან ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დგას და საქმეების ჩასაფარცხად მან პროკურატურაში საკუთარი გავლენები გამოიყენა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ოთარ ფარცხალაძეს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმის ჩაფარცხვაში მირზა სუბელიანი დაეხმარა, სანაცვლოდ კი ფარცხალაძემ სუბელიანის ოჯახის წევრებს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის მკვლელობის საქმიდან პასუხიმგებლობა აარიდა.

სახალხო დამცველს ხორავას ქუჩის საქმის არასათანადო გამოძიებაში ოთარ ფარცხალაძის როლზე ეჭვი აქვს.

მთავარი პროკურატურა მთავარი პროკურორის გარეშეა. ყოფილი მთავარი პროკურორი კი, ჯერჯერობით, ისევ ხელშეუხებელი. ყველა საქმე, სადაც საზოგადოების შეფასებით, მთავარი ფიგურანტი ფარცხალაძეა, მომავალი პროკურორისთვის ტესტი იქნება, შეძლებს თუ არა ის, დეფაქტო მთავარი პროკურორისთვის ბრალის წაყენებას.

ამავე თემაზე
დღის ამბები