26 აპრილი 2024,   20:00
ვრცლად
ჭრილობა გულის არეში - მომღერალი ირაკლი ნოზაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება

მომღერალ ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. სასწრაფო ოპერაცია, ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" სოლისტს, გუშინ ღამით ჩაუტარდა. მას ცივი იარაღით ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული.

როგორც ექიმი ამბობს, ნოზაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, თუმცა დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ექიმი ვარაუდობს, რომ ნოზაძეს დღის ბოლოსთვის პალატაში გადაიყვანენ.

„ჯერჯერობით ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. სისხლის დანაკარგი ანაზღაურებულია. სტაბილურად მძიმედ ფასდება“-აცხადებს ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლოზ ქარცივაძე.

ადგილზე იმყოფებიან დაჭრილი მომღერლის ოჯახის წევრები. დავით ნოზაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია ვინ დაჭრა ირაკლი ნოზაძე. დაჭრილის ძმა ამბობს, რომ მას არც იმ ქალბატონის შესახებ სმენია, რომლის იდენტიფიცირებაც მოხდა.  

„არანაირი ვერსია არ გვაქვს. აქ გაიჟღერა სახელმა და გვარმაც, გარდა იმისა, რომ სანათესაომ არ იცის ეს სახელი და გვარი, არც მეგობრებმა იციან,“-ამბობს დავით ნოზაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მცდელობაში ორი ქალი მონაწილეობდა, ერთ-ერთი ვერსიით, კი დანაშაულის მონაწილე იყო ერთი მამაკაციც.

შს სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ავრცელებს, უცნობია დაკავებული არიან თუ არა ის ქალბატონები, რომელთა შესახებაც ცნობილი გუშინვე გახდა.

გამოძიება საქმეზე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები