03 მაისი 2024,   14:41
ვრცლად
მესაზღვრეების გატაცება - ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს 

რუსეთის მხრიდან გადადგმული მორიგი მტრული ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ - ასე აფასებს ოპოზიცია ქართველი მესაზღვრეების გატაცების ფაქტს.

პარალელურად დეპუტატები საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობაზე მიუთითებენ.

„ცალსახად არის რუსეთისგან არამეგობრული და მტრული ნაბიჯი საქართველოს მიმართ. მეორეს მხრივ რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული პრობლემა ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც თავად საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მხრივ“- აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლება სათანადოდ არ ცდილობს დაუპირისპირდეს ოკუპანტს. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება გაცილებით დიდ რესურს ხარჯავს შიდა პრობლემებზე, ვიდრე საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში დეოკუპაციის საკითხის მოხვედრაზე.

„საგარეო უწყება ძალიან დიდ კაპიტალს ხარჯავს ხელისუფლების შიდა პრობლემების გამართლებაში, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს პრობლემატიკის აქტუალიზება მოახდინოს და წინ წამოწიოს საერთაშორისო დღის წესრიგზე ჩვენი დეოკუპაციის საკითხი“- აცხადებს ბოკუჩავა.

მმართველ გუნდში კი ყურადღებას დაკავებული მესაზღვრეების უფლებების დაცვაზე ამახვილებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების განმარტებით, ხელისუფლება მესაზღვრეთა გასათავისუფლებლად, მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს. 

„ჩვენ ვიმოქმედებთ აქტიურად, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლება განუხრელად იყოს დაცული.

მაქსიმალურად იმუშავებს ყველა შესაბამისი ორგანო.“- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები