26 აპრილი 2024,   12:58
ვრცლად
გასულ წელს სამინისტროების გაერთიანების შედეგად ადმინისტრაციული ხარჯები 15 მილიონით გაიზარდა - IDFI

რა რაოდენობის თანხა დაიზოგება სამინისტროების ოპტიმიზაციით - სამოქალაქო სექტორი მთავრობისგან კონკრეტულ ციფრებს ითხოვს.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ კვლევას ასაჯაროვებს, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბრის ოპტიმიზაციის და სტრუქტურული ცვლილებების შედეგებს ასახავს.

აღმოჩნდა, რომ თანხის დაზოგვის ნაცვლად, მაშინ ადმინისტრაციული ხარჯები 15 მილიონით გაიზარდა, არ გაზრდილა ხელფასები და მომსახურების ხარჯები.

სამოქალაქო სექტორის ცნობით, გასულ წელს დაწყებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა, 2018 წლის საწყისი 5 თვის განმავლობაში, ვერ უზრუნველყო ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი, საბა ბუაძე აცხადებს, რომ გასულ წელს კულტურის და სპორტის სამინისტროს გაერთიანებით საბიუჯეტო რესურსების დაზოგვა არ მომხდარა.

„მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული საშტატო ერთეულები შემცირდა, მაგალითად, კულტურის და სპორტის სამინსიტროში 35 საშტატო ერთეულით შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა, თუმცა, შრომის ანაზღაურება არ შემცირებულა და დარჩა იგივე. ასევე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქონელზე და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები ამ ორივე სამინისტროში კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა და ამან 12 მილიონს გადააჭარბა და შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ის მოტივაცია, რაც სამთავრობო ოპტიმიზაციის პირველ ტალღას გააჩნდა, რომ მომხდარიყო საბიუჯეტო რესურსების დაზოგვა, ეს შედეგი ამ სამინისტროების ანალიზის საფუძველზე არ გამოიკვეთა,“ - განაცხადა საბა ბუაძემ.

საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერს დაიწყო როდესაც, სამინისტროების რიცხვი 18-დან 14-მდე შემცირდა.

პრემიერ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად 100-120 მილიონი ლარის ეკონომია მოხდება.

დღის ამბები