26 აპრილი 2024,   12:45
ვრცლად
ხანძარი სვანეთში - დარჩენილი კერების ჩასაქრობად, ტყეში დამატებითი ძალა შევიდა

სვანეთში უკვე მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან. ქვემო სვანეთში, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძრის კერები ისევ რჩება.  ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის გამო, მეხანძრე-მაშველებს ადგილზე მუშაობა უჭირთ.

ადგილზე ამ წუთებში არა ღია ცეცხლი, არამედ დაკვამლიანება შეინიშნება, რის გამოც მეხანძრეები ვარაუდობენ, რომ ხანძრის სრული ლოკალიზება მოხერხდება.  

დილიდან სოფელ ზესხოს ტყეში შევიდა დამატებითი ძალაც.

„დამატებითი ძალები მობილიზებულია. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მეხანძრე-მაშველები. მობილიზებულები ვართ, რომ მალე ჩავაქროთ. ამჟამად მიმდინარეობს ქრობა მაგრამ არ არის ღია ცეცხლი. გვაქვს მხოლოდ დაკვამლიანება. ამჟამად საუბარია ორ ჰექტარ ნახევარზე. სავარაუდოდ ცეცხლი შეიძლება აღარ გავრცელდეს ვინაიდან ჩვენ ღია ცეცხლი ამ ეტაპზე არ გვაქვს. დამატება განაპირობა  ურთულესმა რელიეფმა, ვინაიდან გადაადგილება ფიზიკურად თითქმის შეუძლებელია. მაგრამ მეხანძრე-მაშველები სპეციალური აღჭურვილობით ახერხებენ გადაადგილებას. ეს კლდოვანი რელიეფი. მაღალი მთის ფერდობი არის. დაგვემატა ამ მომენტისთვის შიდა ქართლის რეგიონი და სულ მუშობს 200-220 მეხანძრე მაშველი,“-განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან მაისურაძემ.

სალიკვიდაციო სამუშაოებში ისევ ჩაერთო ვერტმფრენი. ადგილზე იმყოფება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიც. ბადრი ლიპარტელიანის თქმით ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახლადგაჩენილი მცირე კერების ქრობა.

“დამატებითი სამუშაოები დაიწყო. შესულია ისევ სახანძრო რაზმი განმეორებით. ჩაერთო ვერტმფრენი. მოაქვს დიდი რაოდენობით წყალი, უკვე ორი დასხმა გააკეთა. შემდგომში ისევ გააგრძელებს ამ წყლის დასხმას და მე მგონი ლიკვიდირება მოხდება გარკვეული კერების დღის ბოლომდე. ალბათ შემცირდება ეს კერები, რომლებიც უკვე ახალი გაჩენილი არის. 120 მეხანძრე-მაშველი მუშაობას ამჟამად და შესულია ტყეში. რელიეფი არის ძალიან ცუდი და მძიმე ტექნიკას მანდ შესვლა არ შეუძლია. მხოლოდ ცოცხალი ძალა მუშაობას,“-განაცხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა.

ამ დროის მონაცემებით ხანძრის შედეგად დამწვარია 2.5 ჰექტარი მიწის ფართობი. 

​ 

დღის ამბები