26 აპრილი 2024,   13:26
ვრცლად
სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ვერტმფრენის ავარიულად დაშვების მიზეზად შესაძლო დივერსიას გამორიცხავს

სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ვერტმფრენის ავარიულად დაშვების მიზეზად შესაძლო დივერსიას გამორიცხავს. ამის შესახებ განცხადება თემურ კეკელიამ დაშავებული მფრინავების კლინიკაში მონახულების შემდეგ გააკეთა. თემურ კეკელია მომხდარის ვერსიებზე ვერ საუბრობს. ის ამბობს, რომ ვერტმფრენი გამართული იყო.

„გამოძიება დაწყებულია. ამ წუთში ძალიან ნაადრევი არის იმაზე საუბარი თუ რამ განაპირობა ავარიული დაშვება. რაღაც პროცედურა გარკვეული პერიოდი დასჭირდება ბუნებრივია ამას და ამიტომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. გამართული იყო ტექნიკურად აბსოლუტურად. ისევ და ისევ უნდა დაველოდოთ გაშიფვრას იმ საშუალებების რაც ვერტმფრენზე არის. თუ გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმგებლობა, მაშინ პასუხისმგებლობა ბუნებრივია დადგება,“-განაცხადა თემურ კეკელიამ.

შემთხვევა დღეს დილით, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან მოხდა. ვერტმფრენი სასაზღვრო პოსტ ანდარა ზართან ავარიულად დაეშვა, რა დროსაც ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი ლაგოდეხის რაიონის სასაზღვრო ქვედანაყოფში, გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდნენ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. დაშავებულები  თელავის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, ერთ-ერთ მათგანს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

„ხუთი პაციენტი იქნა გადმოყვანილი თელავის კლინიკებში. მათ შორის ერთ პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, საშუალო სიმძიმის. დანარჩენ 4 პაციენტს აღენიშნება სხვადასხვა ტიპის დაზიანებები. მათ შორის ერთს აღენიშნება ლავიწის ძვლის მოტეხილობა, რომელზეც დაიგეგმება ქირურგიული ოპერაცია და პაციენტთან შეთანხმებით გადაწყდება გადავიყვანთ თბილისში თუ ადგილობრივ კლინიკაში განხორციელდება აღნიშნული ოპერაცია,“-განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

 

დღის ამბები