05 მაისი 2024,   09:43
ვრცლად
ხელისუფლება არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება - ოპოზიცია ჩანაწერებს აქვეყნებს

ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ცოტა ხნის წინ ფარული აუდიო და ვიდეომასალა წარმოადგინეს, სადაც ნათლად ჩანს, რომ კომისიების ნეიტრალური კვოტა სწორედ მმართველი პარტიისადმი ლოიალური კადრებით ივსება. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს მასალა ასახავს იმ ფაქტებს, თუ როგორ ინიშნებიან ქართული ოცნების აქტივისტები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.

სატელეფონო ჩანაწერში რამდენიმე ეპიზოდია. ერთ-ერთ ნაწილში კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, დავით ფეტვიაშვილს, ქართული ოცნების კომისიის კოორდინატორის, ნინო მაისურაძის, სახელით ურეკავენ და სიების შესახებ ეკითხებიან.

ფეტვიაშვილი პირს, რომელიც მაისურაძის წარმომადგენლის სახელით გაეცნო, ეუბნება, რომ სიები ჯერ არ მიუღია, თუმცა ამბობს, რომ საკუთარ სტუდენტებს საარჩევნო კომისიაში შეყვანას უპირებს.

ფეტვიაშვილი იმასაც ადასტურებს, რომ ქართული ოცნების კომისიის კოორდინატორთან 2012 წლიდან პირდაპირ კავშირშია. 

აუდიოჩანაწერით ირკვევა, რომ საარჩევნო კომისიები უკვე დაკომპლექტებულია. კომისიის მომვალ წევრებსა და მოადგილეებს შორის, ხშირ შემთხვევაში, ახლო ნათესაური კავშირებიც არის. 

  

 

დღის ამბები