03 მაისი 2024,   12:39
ვრცლად
ახალი გარემოებები არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეში - კომისიის წევრები საგამოძიებო ორგანოების უმოქმედობაზე საუბრობენ

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობა დასკვნით ფაზაში გადადის. დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრები საბოლოო დასკვნასა და რეკომენდაციებზე მსჯელობენ. გუშინდელ სხდომაზე კი, რომელსაც პროტესტის ნიშნად „ქართული ოცნების“ წევრები არ ესწრებოდნენ, გასაჯაროვდა აღნიშნული დასკვნის ერთი და საკმაოდ სკანდალური ნაწილი. აქ პირველად იყო ნახსენები, ნაჩვენები და აღწერილი კონკრეტული საგანი, რომელიც მიხეილ კალანდიას ეჭირა და რომელსაც ის სავარაუდოდ გარდაცვლილ სარალიძეს ურტყამდა.

„აღმოჩნდა ახალი გარემოებები. იმ შემთხვევაში ჩვენ იმ წუთშივე დავუკავშირდით შსს-ს  ვაცნობეთ მას და ვუთხარით, რომ ამ მიმართულებით უნდა დაწყებულიყო კონკრეტული ქმედებები. თქვენ იცით, რომ მ.კ-ს მიმართ ჩვენ მოვითხოვდით გარკვეული ზომების გატარებას. ეს იყო დამატებითი გარემოებები. მაშინ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ არ დავაზუსტეთ კონკრეტულად რას შეეხებოდა ეს. გავიდა ერთი თვე და პროკურატურას არანაირი ქმედითი ზომები არ აქვს გატარებული,“-განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა სერგო რატიანმა.

ახალ გარემოებებზე საუბრობს ოთარ კახიძეც. მისი თქმით გამოიკვეთა ახალი გარემოება, რომლის მიხედვითაც საქმეში ერთ-ერთ მთავარ მონაწილე პირად ფიგურირებს მ. კ. რაზეც შესაბამის ორგანოებს უნდა მოეხდინათ რეაგირება.

მთავარი საკითხი რაზეც დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრები ისაუბრებენ ეს არის სკოლებში გარკვეული ზომების გამკაცრება. კომისია შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რომლითაც განათლების სამინისტროს მიმართავს. კომისიის წევრები ამბობენ, რომ მოზარდებმა შეკრება დაიწყეს სკოლასთან და ადმინისტრაციას შეეძლო ეს შეენიშნა. გარდა ამისა, მოზარდები ახერხებენ ცივი იარაღის ტარებას და სკოლის და შსს-ს რეაქცია არ არის ეფექტური. 

ამავე თემაზე
დღის ამბები