03 მაისი 2024,   14:34
ვრცლად
ევროპარლამენტის მოხსენება საქართველოზე - თამარ ჩუგოშვილი გრიგოლ ვაშაძეს და დავით ბაქრაძეს ბრიუსელში ვიზიტის გამო აკრიტიკებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებულ მოხსენებას პოზიტიურად აფასებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ევროპარლამენტი საქართველოს პირველად აფასებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩუგოშვილის განცხადებით, ანგარიში არის პოზიტიური, რის გამოც ის ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს.

ვიცე-სპიკერი ასევე ეხმაურება საპრეზიდენტო კანდიდატების, გრიგოლ ვაშაძის და დავით ბაქრაძის ბრიუსელში ვიზიტს და აღნიშნავს, რომ მათი იქ ჩასვლა ევროპარლამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტისთვის ზიანის მიყენებას ემსახურება.

ჩუგოშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატების ბრიუსელში ჩასვლის მიზანია, ქვეყანამ ცუდი შედეგი მიიღოს, თუმცა, ვიცე-სპიკერის თქმით, მათ ეს არ გამოუვათ.

„ის ვიზიტი, რომლითაც საპრეზიდენტო კანდიდატები იმყოფებიან, ემსახურება იმას, რომ ის დადებითი შეფასებები, რომელიც ევროპარლამენტს აქვს მომზადებული დაზიანდეს, ასე ვთქვათ, და ქვეყანამ ამ შეფასების კუთხით მიიღოს უარესი შეფასება, ვიდრე ობიექტურად იმსახურებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გამოუვათ,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებულ მოხსენებაში შესწორებების შეტანის ვადა რამდენიმე საათში იწურება.

უკვე ცნობილია, რომ დოკუმენტში, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესებზეა საუბარი, ორი მთავარი და კრიტიკული შენიშვნა შევა - ხელისუფლების ზეწოლა „რუსთავი2“ -ზე და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა.

დღის ამბები