26 აპრილი 2024,   12:37
ვრცლად
უხარისხო განათლება - არასამთავრობო სექტორი საგანგაშო სტატისტიკას ასაჯაროებს

უხარისხო განათლება - არასამთავრობო სექტორი საგანგაშო სტატისტიკას ასაჯაროებს. ბოლო წლებში სულ უფრო მცირდება იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებიც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს აბარებენ. თუკი 5 წლის წინ ასეთი მოსწავლეების რაოდენობა 84 პროცენტი იყო, ეს რიცხვი ახლა 77 პროცენტამდე შემცირდა.

მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდებშიც მინიმალური ზღვარი ბოლო 7 წელიწადში მხოლოდ პედაგოგთა 25 პროცენტმა გადალახა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით, სასკოლო განათლების ხარისხით 137 ქვეყანას შორის საქართველო 106-ე ადგილზეა.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და განათლების ექსპერტები მთავრობას ფუნდამენტური რეფორმისკენ მოუწოდებენ. ისინი იმედოვნებენ, რომ განათლების სისტემაში დაწყებული საკადრო წმენდა ფასადური არ იქნება.

განათლების უწყების ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებსაც მინისტრი გუშინ დაემშვიდობა, კამერებთან კვლავ არ ჩნდებიან. ისინი კურიერის სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობენ.

დამატებითი განმარტებები დღეს არ გაუკეთებია არც მინისტრს, რომელიც საკადრო ცვლილებებს მომავალშიც აანონსებს.

მმართველი გუნდის დეპუტატებს, მათ შორის განათლების კომიტეტის წევრებს, არ დაუმალავთ, რომ მასშტაბური საკადრო წმენდა მათთვისაც მოულოდნელი იყო, თუმცა, განათლების მინისტრს არ საყვედურობენ.

კვირის ბოლოს მიხეილ ბატიაშვილი განათლების რეფორმის პრეზენტაციას აანონსებს. ექვსი ვაკანტური თანამდებობა კი ამ დრომდე ცარიელია. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები