23 ოქტომბერი 2018,   08:28
ვრცლად
"კვირიკაშვილი იყო მუხრუჭი ამ კანონების მიღების" - ყოფილი პრემიერის თანამდებობა, სავარაუდოდ, მარიხუანის ლეგალიზების შესახებ მის პოზიციას შეეწირა

ყოფილი პრემიერმინისტრის თანამდებობა, სავარაუდოდ, მარიხუანის ლეგალიზების შესახებ მის პოზიციას შეეწირა. გიორგი კვირიკაშვილი მარიხუანის ლეგალიზაციას ეწინააღმდეგებოდა.

ქართული ოცნებიდან წყარო კურიერს უყვება, რომ მარიხუანის კულტივაციის ლეგალიზებაზე ოცნებაში საუბარი, დაახლებით, ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა, ამდენი ხნის განმავლობაში, სკანდალური კანონპროექტის მუხრუჭი ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი, იყო.

გიორგი კვირიკაშვილი რომ კონკრეტული კანონების მუხრუჭი გახდა, ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, დავით ჭიჭინაძემ, მას შემდეგ გაიხსენა, რაც საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში კანაფის კულტივაციისა და მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებული კანონპროექტები შევიდა.

„ის არ უჭერდა მხარს და იძახდა, რომ მისი პრემიერობის პერიოდში ნამდვილად არ მოხდებოდა ამ კანონის მიღება. პრინციპში, კვირიკაშვილი იყო მუხრუჭი ამ კანონების მიღების,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა 14 ივნისს დატოვა, ბერა ივანიშვილის სიმღერა ”ლეგალაიზის" გამოსვლიდან ზუსტად ერთ თვეში. მაშინ მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაციაზე საუბარი არც იყო, თუმცა, პრემიერის წასვლიდან მალევე პროცესი დაიწყო.

კვირიკაშვილის წასვლასთან ერთად პარლამენტმა თაროზე შემოდო კანონპროექტი, რომელიც ნარკოტიკული დანაშაულის დეკრიმინალიზაციას უკავშირდება.

დეპუტატი ლევან კობერიძე იხსენებს, რომ ყოფილი პრემიერი ნარკოტიკებთან მიმართებაში სწორედ დეკრიმინალიზაციას უჭერდა მხარს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ კვირიკაშვილის მოხსნის ერთ-ერთი მიზეზი მის მიერ ნარკოტიკის ლეგალიზაციისთვის გაწეული წინააღმდეგობა გახდა.

მარიხუანის ლეგალიზების აქტიური მოწინააღმდეგე პრემიერ-მინისტრი სახლშია. გადაჰყვა თუ არა მის ხისტ პოზიციას მთავრობის ხელძღვანელის პორტფელი, ამ საკითხზე ყოფილი პრემიერი თანამდებობიდან წასვლის 4 თვის თავზეც დუმს.

დღის ამბები