11 დეკემბერი 2018,   18:48
ვრცლად
სავსებით სამართლიანად ჩნდება ეჭვი, რომ შავ ყულაბაში ბიზნესს შეაქვს ფული - რომან გოცირიძე

„სავსებით სამართლიანად ჩნდება ეჭვი, რომ შავ ყულაბაში ბიზნესს შეაქვს ფული,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, ბიუროს სხდომაზე „ომეგა ჯგუფს“ საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

რომან გოცირიძე „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება, საიდანაც ირკვევა, რომ ბიზნესზე რეკეტი სავარაუდოდ სახელმწიფოს სახელით ხორციელდება.

რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ სკანდალურ აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი და მისი თქმით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ყიფიანი ამ დრომდე უნდა დაეკავებინათ.

„თქვენი განცხადებიდან ჩვენ ასე გავიგეთ, რომ თურმე, „ქართულ ოცნებას“ ამ წინასაარჩევნოდ ვიღაცეები რაღაც დადგმულ ფარულ ჩანაწერებს უქმნიან. აქ საუბარია ადამიანზე, რომელთანაც უშუალოდ, ვისთანაც შეხებაში იყო თქვენი მინისტრი, სპორტის მინისტრი და ფაქტობრივად, სახელმწიფოს მაღალი წარმომადგენელი... თქვენ წესით, დღესვე უნდა მოითხოვოთ ყიფიანისთვის ხელბორკილების დადება,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციური პარტიის წევრის თქმით, გავრცელებული აუდიოჩანაწერიდან ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მმართველი პარტია შავ ფულს ბიზნესზე ზეწოლიდან იღებდა.

„ჩვენც გვაქვს ძლიან გონივრული ეჭვი, რომ ის საარჩევნო კამპანია, რომელიც თქვენ აწარმოეთ, პირველ არჩევნებში, ახლა საპარლამენტოში, თვითმმართველობის არჩევნებში, ის, რაც აუდიტის სამსახურმა თანხები გამოაქვეყნა, ეს არის დაახლოებით, 20-ჯერ ნაკლები, რაც თქვენ დახარჯეთ რეალურად. თქვენ მიერ ნაჩვენები და თქვენ მიერ დახარჯული საარჩევნო თანხები ასტრონომიულად არის აცდენილი ერთმანეთისგან. ამიტომ სავსებით სამართლიანად ჩნდება ეჭვი, რომ შავ ყულაბაში ბიზნესს შეაქვს ფული,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები