14 ნოემბერი 2018,   18:23
ვრცლად
ამ მთავრობას არ შეუძლია ქვეყნის მართვა - ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორი ციხის ჩანაწერის გამოძიებაში, პროკურატურას არ ენდობიან

ძალიან ადრე ამოწურეს თავის პოზიტივი - ასე აფასებს ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი, გლდანის ციხიდან გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერს, რომელიც გუშინ "რუსთავი 2"-მა გაასაჯაროვა.

უკანონო ბანდფორმირებები, ადამიანების გატაცება და წამება, მოწმეებზე ზეწოლა სასურველი ჩვენებების მისაღებად, არაფორმალური მმართველობა, ტერორი ხელისუფლების დაკვეთით და ტოტალური კორუფცია -  ესაა ყველა ის თემა, რომელზეც "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერშია საუბარი.

საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ამბობენ, რომ ყველა ის თემა, რომელზეც პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა ისაუბრა, ქუჩურ გარჩევას ჰგავს.

„როდესაც ქუჩური გარჩევა ეწყობა სახელმწიფო სტატუსის მქონე ადამიანებს შორის, რომლებიც სახელმწიფო აზროვნებით უნდა იყვნენ გამორჩეული, ეს არის შემზარავი სანახავი და ამაში განსაკუთრებით დამნაშავეა ის ამომრჩეველი, რომელიც საკუთარ ხმას ჰყიდის კაპიკებად და მერე ტყუილად ელოდება რომ ვინმე მიხედავს,“-ამბობს ლუბა ელიაშვილი.

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ გაუმართლა საზოგადოებას, რომ ხელისუფლება ვერ მოერია თავისუფალ მედიას და არსებობს „რუსთავი 2.“ მისივე თქმით, ახლა ხელისუფლებას მხოლოდ ის დარჩენია საზოგადოებას აუხსნან ყველა ის საკითხი, რომელზეც ჩანაწერებშია საუბარი.

მასკომუნიკაციის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია კი ფიქრობს, რომ ამ საქმეზე გამოძიება პროკურატურამ არ უნდა დაიწყოს და ყველა იმ თემით, რომელზეც მირზა სუბელიანი ჩანაწერში საუბრობს, მოწვეული სპეციალისტები უნდა დაინტერესდნენ და მათ გამოიძიონ.

„ამ პროკურატურას არცერთი საქმე არ გამოუძიებია, მეტიც, ხელს უშლიდა გამოძიების ყველა ეტაპს. საერთოდ არ მაინტერესებს არაფერი, ამ მთავრობას არ შეუძლია ქვეყნის მართვა ისემ რომ  თითოეული მოქალაქის ცხოვრება იყოს დაცული და შევძლოთ ამ ქვეყნის ნორმალურად განვითარება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთმ“-ამბობს ნინო დანელია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები