26 აპრილი 2024,   12:09
ვრცლად
"ლევან ქარდავას ხმის ნიმუში არ აუღიათ, ექსპერტიზა არაობიექტურია" - პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატი

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულების ინტერესების დამცველებს, საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები და პრეტენზიები აქვთ. ადვოკატები პროკურატურის წარმომადგენლებისგან ითხოვდნენ, მათთვის წარედგინათ, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების საფუძველზე ადასტურებდნენ ბრალდებულების ბრალეულობას.

ადვოკატებისთვის კითხვებს ბადებს ის, რომ 2016 წელს დასრულებულ საქმეზე პროკურატურამ კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ახლა დაიწყო.

„მეტი რეზონანსული საქმე რა უნდა მოხდეს საქართველოში, რომ ასე მდარედ იქნას გამოძიებული, მე მეტს არაფერს ვიტყვი. საგანგაშოა, სადაა ლოგიკა. ორგანიზატორს არ აძლევენ პასუხისგებაში და რიგითი შემსრულებელი ისმენდაო, რა მოისმინა. ეს ინფორმაცია რაში წაადგა ამ დანაშაულებრივ ჯგუფს. როგორ მიაწოდა, რა გზით გადასცა, არაფერი დადგენილი არ არის. ერთი-ორი პირი იძახის, ეჭვი მაქვს, შეიძლება მისმენდნენო და ამ შესაძლოა მოსმენის გამო კაცი დღეს არის საპატიმროში,“- განაცხადა ადვოკატმა, კახაბერ ხვისტანმა.

ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილის შეფასებით, ჩატარებული ექსპერტიზა არაობიექტური. მისი თქმით, ბრალდებულ ლევან ქარდავას ხმის ნიმუში არ აუღიათ.

„ჩანაწერში არ არის დანაშაულის შემადგენლობა. იქ არის საუბარი, რომ ჩეჩნებს რაღაც საწამლავი აქვთ, რომელიც ორ-სამ დღეში კლავს, მერე რა, იმ ჩანაწერში არ არის, რომ ეს კონკრეტულ საქმეზე უნდა გამოიყენონ, პატარკაციშვილია, პეტრეა თუ პავლე, ვიღაცის მოსაკლავად. პატარკაციშვილის მკვლელობის შესახებ სადაც საუბარია, იქ ქარდავა არ მონაწილეობს. ქარდავა სადაც მონაწილეობს, იქ საერთოდ არ არის მკვლელობაზე საუბარი,“- განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები