14 ნოემბერი 2018,   18:24
ვრცლად
ჩამარტყეს კონდახი, ხელბორკილები, რომ გამიკეთეს, უკვე ვერაფერი გავაკეთე - მაია ოთინაშვილი დაკავებას და 11 დღიან პატიმრობას იხსენებს

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილი მისი დაკავების წუთებსა და 11-დღიან პატიმრობას იხსენებს.

მას თავს საკუთარ ბაღში დაესხნენ. ორი შეირაღებული მამაკაციდან, ერთ-ერთს ნიღაბი მასზე ფიზიკური ძალადობის დროს ჩამოხსნა.

„ერთ-ერთ ბიჭს ჩამოვხსენი ნიღაბი, მოვაცალე და ეგ არ უნდოდათ რომ დამენახა, მერე ჩამარტყეს კონდახი, ხელბორკილები, რომ გამიკეთეს, უკვე ვერაფერი გავაკეთე. კი, მაინც არ მივდევდი, არ მივყვებოდი, მაგრამ ჩხუბით წამათრიეს,“ - ამბობს ოთინაშვილი.

ის იხსენებს, რომ დაკავებისთანავე ხელბორკილები დაადეს, თვალები აუხვიეს და ძალის გამოყენებით წინაგარას რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს. წინაგარადან კი თვალებახვეული ხელბორკილებით ცხინვალში გადაიყვანეს, წინასწარი დაკავების საკანში ჩაკეტეს და სამ დღეს არავინ მისულა.

„იქ მეკითხებოდნენ, რატომ გადმოვკვეთე საზღვარიო. მე ვუთხარი, მე არ გადმომიკვეთავს საზღვარი, პირიქით, ჩემს მხარეს იყვნენ გადმოსულები და თურმე აქედან ბრალი წამიყენეს, რომ გადავიდა მავთულების იქით და აქეთ დავიჭირეთ და მაგაზე ხელი მქონდა მოწერილი, იმიტომ, რომ რუსებმა მომაწერინეს ძალით ხელი. მე მეტი საშუალება რომ არ მქონდა, ვიდექი და ვაწერდი ხელს ყველაფერზე, მეშინოდა,“ - აცხადებს მაია ოთინაშვილი.

ოკუპირებულ ცხინვალის ციხეში ჯამში 11 დღე გაატარა. ოთინაშვილი დარწმუნებულია, რომ მის გათავისუფლებაში დიდი როლი ოსი სპორტსმენების აქტიურობამ იქონია.

„როგორც გავიგე მერე, თურმე სპორტსმენები ყოფილან იქაურები და ქართველი სპორტსმენები და მაგათ მართლა, რაც ეგენი შემოვიდნენ ჩემთან სანახავად, მაგის მერე ჩვენ ქართველს არაფერი ეწყინოს, ჩვენ ქართველს არაფერი აწყენინოთ, ჩვენ ქართველს არაფერი მოაკლოთ, მერე და მერე, უკვე, რომ მითხრეს, ახლა გაგიშვებენ მალეო, უკვე იმდენად აღარ მეშინოდა,“ - თქვა მაია ოთინაშვილმა.

37 წლის ქალი, სამი შვილის დედა 11 დღიანი პატიმრობის შემდეგ საკუთარ სახლში იმყოფება.

„არც გამიხედავს იქით მხარეს, არც მინდა გახედვა, სულ ის შიში მაქვს, ის შეგრძნება, რომ კიდევ იქ იქნებიან,“ - ამბობს ოთინაშვილი.

დღის ამბები