02 მაისი 2024,   17:55
ვრცლად
„სამარცხვინოა სრულიად, ყოველი არჩევნების წინ თავს ჭრის „ქართული ოცნება“ ყველა ძალოვან სტრუქტურას" - ნიკა გვარამია

ძალადობრივი პროვოკაციების მცდელობები წინასაარჩევნოდ - სუს-ის განცხადებას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ეხმაურება. გვარამია მმართველ პარტიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ძალოვან სტრუქტურებს არჩევნების წინ ყოველთვის იმიჯს ულახავს.

ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ საგამოძიებო უწყებები არჩევნების წინ მუდმივად იწყებენ გამოძიებას მის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, თუმცა, ეს საქმეები დღემდე გამოუძიებელია.

„სამარცხვინოა სრულიად, ყოველი არჩევნების წინ თავს ჭრის „ქართული ოცნება“ ყველა ძალოვან სტრუქტურას - პროკურატურა იქნება ეს, სუს-ი თუ შსს. ალაპარაკებს აბსოლუტურ სისულელეებს, აქვეყნებინებს უკანონო ფარული მიყურადების მასალებს, მერე იღძრება საქმეები ჩემ წინააღმდეგ, მაგალითად, ყველა არჩევნების წინ ღძრავენ საქმეს სახელმწიფო გადატრიალებაზე, მერე ეს საქმე უკვალოდ იკარგება, არავის არაფერი არ გამოუძიებია,“ - განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ასევე ეხმაურება ბოლო დროს საგამოძიებო უწყებების გააქტიურებას გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, როგორიცაა ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საქმეები.

„ახლა გამოჩნდა ჟვანიას საქმე, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა გაიხსნას, ესეც უბრალოდ მიცვალებული, გარდაცვლილი ქართველის, ძალიან დიდი მასშტაბის პოლიტიკოსის დაცინვა და აბუჩად აგდებაა და გამოყენება საკუთარ ინტერესებში. ბადრი პატარკაციშვილის საქმე გაიხსნა თურმე, რომელიც რეალურად მკვლელობით არ დამთავრებულა, არც არაფერი მოყოლია და ჭორაობაა ადამიანების და სკოტლანდ იარდს ნათქვამი აქვს, რომ პატარკაციშვილი გულით გარდაიცვალა ყოველგვარი ჩარევების გარეშე და ახლა საქართველოს პროკურატურამ თურმე სკოტლანდ იარდი უნდა უარყოს, სირცხვილია და თავის მოჭრაა იმ ადამინების, ვინც მუნდირს უფრთხილდება და მუშაობს ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის,“ - ამბობს ნიკა გვარამია.

გვარამიას თქმით, ხელისუფლება კიდევ ერთხელ ქმნის ისეთ ფონს, რომ დარჩეს შთაბეჭდილება, თითქოს, არეულობა იგეგმება.

„ახლაც, რაც არ უნდა გამოაგდონ, ეს იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ შექმნან იმიტაცია თითქოს, რაღაც არეულობა იგეგმება. არავითარი არეულობა, წყნარად მივდივართ არჩევნებზე, რაც არ უნდა გამოაქვეყნონ და მობოდონ ამათმა, ამათ მიმართ ნდობა უკვე ნულოვანია, როგორ უნდა ენდო პროკურატურას, რომელმაც ფარული ჩანაწერები ციხეში დადგა. მივდივართ არჩევნებზე და ვხაზავთ ნებისმიერს, გარდა სალომე ზურაბიშვილისა. ამათი ისტერიკა არ გვაინტერესებს, რაც უფრო ისტერიკაში შედიან, რაც უფრო მეტ სისულელეს აკეთებენ, მით უფრო მყარი და მკაფიო ნიშანია ეს იმისა, რომ ხელისუფლება არის ჩამოშლილი,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები