15 დეკემბერი 2018,   07:24
ვრცლად
მკვლელების პარტია - ამ სლოგანის სკანდირებით "ქართული ოცნების" ოფისთან შვილმოკლულმა მამებმა აქცია გამართეს

მკვლელების პარტია - ამ სლოგანს სკანდირებდნენ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილი შვილმოკლული მამები მხარდამჭერებთან ერთად.

შვილმოკლულმა მამებმა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით დღეს აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართეს. აქციის მონაწილეებისგან „ქართული ოცნების“ სათაო ოფისს დღეს პოლიციის კორდონი იცავდა.

როსტომ მეფის სასახლე სამართალდამცველების ალყაში იყო. შს სამინისტროს პოლიციის დამატებით რაზმები ჰყავდა მობილიზებული საპატრიარქოს სკვერშიც.

ზაზა სარალიძე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და პანკისიდან ჩამოსული რიგით მოქალაქეები სამართლიანობის აღდგენას ითხოვდნენ.

დღევანდელ აქციას ორი კონკრეტული ადრესატი ჰყავდა - ბიძინა ივანიშვილი და სოსო გოგაშვილი.

აქციის მონაწილეები ივანიშვილთან შეხვედრას და სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დასჯას ითხოვდნენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ სწორედ გოგაშვილი იყო, ის მაღალჩინოსანი ვინც თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა.

დღეს ზაზა სარალიძემ ბიძინა ივანიშვილის პირადად შეხვედრა შესთავაზა. უკვე რამდენიმე თვეა, მოკლულის მამა, რომელიც სამართლიანობის აღდგენას ითხოვს, მმართველმა პარტიამ ოპოზიციის აქტივისტად გამოაცხადა.

„ქართული ოცნების“ ოფისთან მალხაზ მაჩალიკაშვილმა, ზაზა სარალიძემ და მათ მხარდამჭერებმა მსვლელობით, რუსთაველის გამზირიდან გადაინაცვლეს.

არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, „ქართული ოცნებიდან“ შვილმოკლულ ოჯახებთან სასაუბროდ არავინ გამოვიდა. პროტესტი კი ისევ გრძელდება. პარლამენტის წინ ცენტრალურ გამზირზე 15 კარავი ისევ გაშლილია.

ამავე თემაზე
დღის ამბები