26 აპრილი 2024,   12:51
ვრცლად
ყველა ადამიანი, ვინც ბილბორდზე ჩანს, თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს ხვალინდელ დღეზე - გია ვოლსკი

რატომ გაქრა სალომე ზურაბიშვილის ფოტო საარჩევნო ბანერებიდან - ბოლო ორი დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში ბილბორდებზე, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატის სახელი და გვარი და საარჩევნო ნომერია მითითებული, "ქართული ოცნების" სხვადასხვა ლიდერი ჩნდება.

ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის შემდეგ მმართველი გუნდის რჩეული კანდიდატი პრემიერმაც ჩაანაცვლა. ზურაბიშვილის ბილბორდებიდან გაქრობაში „ქართულ ოცნებაში“ უცნაურს ვერაფერს ხედავენ.

ბილბორდებზე „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოჩენაზე განმარტება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გააკეთა და ბანერების ამ ფორმით წარდგენის მიზნები განმარტა.

„სალომე ზურაბიშვილი თავის საკონსტიტუციო უფლებებით, მხარდაჭერილია მმართველი გუნდის მიერ და ყველა ადამიანი, ვინც ბილბორდზე ჩანს, თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს ხვალინდელ დღესა და მომავალზე, პრეზიდენტის ინსტიტუტთან ერთად. ეს არის ამ ბილბორდების მთავარი მესიჯი. დამოუკიდებელი კანდიდატტი, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლება, რომელთანაც თანამშრომლობს ხელისუფლება, რომელიც არ ჰპირდება ჩვენს საზოგადოებას ომს, დავიდარაბას და დაპირისპირებას, იმ ხარისხის დაპირისპირებას, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს ქვეყანაში, რასაკვირველია, სალომე ზურაბიშვილი საუკეთესო კანდიდატია,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბიძინა ივანიშვილის პარტიაში ამბობენ, რომ მმართველი გუნდი და სალომე ზურაბიშვილი ერთიანია.

„ფაქტია, რომ ხარვეზები იყო, მაგრამ კანდიდატს არ ვგულისხმობ. სალომე ზურაბიშვილი რადგან კანდიდატად არის წარდგენილი, ყველამ მყარად მხარი უნდა დაუჭიროს, ვინც უჭერს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ მხარს, არამედ აგრეთვე ვინც არის „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წინააღმდეგი. ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ და „ქართულ ოცნებასთან" ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, შველა არავის სჭირდება,“- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები