01 მაისი 2024,   03:16
ვრცლად
"რუსთავი 2" გია ცერცვაძის ოჯახს გორში ბინას გადასცემს და მის შვილებს სტიპენდიას უნიშნავს

საქართველოსა და უკრაინის ომის გმირის, გიორგი ცერცვაძის ხსოვნას პატივი "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა მიაგო. ნიკა გვარამია გია ცერცვაძის დაკრძალვას დაესწრო და ოჯახს მიუსამძიმრა.

„რუსთავი 2-ის" და გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, გია ცერცვაძის სამივე შვილს დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდია. ასევე, სამაუწყებლო კომპანიის გადაწყვეტილებით, გმირის ოჯახს გადაეცემა ბინა გორში.

გია ცერცვაძე დღეს გორის სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალეს, რადგან თავდაცვის სამინისტრომ ოჯახს გმირის სამხედროს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვაზე უარი უთხრა.

ცერცვაძის დაკრძალვას რიგითი ჯარისკაცები და სხვადასხვა სამხედრო ჩინის მქონე ყოფილი სამხედროები დაესწრნენ. თუმცა დაკრძალვაზე არ ყოფილა თავდაცვის სამინისტროს არც ერთი მაღალჩინოსანი.

გია ცერცვაძე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ის ლიმფომის მძიმე ფორმის დიაგნოზით ერთი წლის განმავლობაში კიევში მკურნალობდა. მან მკურნალობის კურსის ჩატარება ევროპის ქვეყნებში ვერ შეძლო, რადგან რუსეთის ფედერაცია წითელი ცირკულარით ეძებდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გია ცერცვაძე ყველა ბრძოლაში მონაწილეობდა. 2007 წლიდან ის შიდა ქართლში შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე იყო. ის მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში, ყველა მოვლენის თვითმხილველი იყო, სწორედ ამიტომ, გია ცერცვაძის თავიდან მოშორება რუსეთის ნომერ პირველ ამოცანად იქცა. 

ვიცეპოლკოვნიკი გია ცერცვაძე უმაღლესი კვალიფიკაციის სამხედრო პირი და სპეცდანიშნულების გამოცდილი თანამშრომელი 2013 წელს ირაკლი ღარიბაშვილმა სამსახურიდან დაითხოვა, გათავისუფლების მიზეზები კი არ აუხსნეს. 2017 წლის იანვარში მთელმა მსოფლიომ გაიგო, როგორ გაუშვეს საქართველოს საზღვარზე რუსეთის მიერ ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი ქართველი სამხედრო ისე, რომ არ გააფრთხილეს, რომ მას რუსეთი ეძებდა.

 

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები