05 მაისი 2024,   03:09
ვრცლად
ყალბი პირადობის მოწმობები - ოპოზიცია საერთაშორისო დამკვირვებლებთან შეხვედრას აპირებს, მმართველი ძალა კი ბრალდებას სიცრუეს უწოდებს 

ყალბი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ოპოზიცია ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებთან შეხვედრას აპირებს.

მათი თქმით, ამ საქმის შესახებ მათ დეტალური ინფორმაცია აუცილებლად მიეწოდებათ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას მუდმივი კონტაქტი აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ისინი ყველა პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან.

„მთავრობა მიდის უკიდურეს ზომაზე, ანუ არჩევნების გაყალბების მცდელობაზე. შს მინისტრი აპირებს როგორც ჩვენ ვიცით ჩვენი დაბარების შემდეგ და ეს იქნება ერთ-ერთი თემა, რომელზეც ვისაუბრებთ“-ამბობს სერგი კაპანაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ხელისუფლება გაყალბების მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლებს სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნები მოაგებინოს.  

„რთული იქნება მათი გამოაშკარავება, მაგრამ ჩვენ ამას ნამდვილად შევძლებთ, 200-300 ადამიანს თუ დაურიგეს ეს ყალბი პირადობები ეს შეუმჩნეველი არ დარჩება,“-ამბობს ნიკა მელია.

მმართველ გუნდში კი დარწმუნებული არიან, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

"არგუმენტირებული განცხადება არ გაკეთებულა. ისიც რომ ვთქვათ ბიძინა ივანიშვილი ან ვინმე სხვა დაზგებით მანიპულირებს გადააქვს სხვადასხვა რეგიონებში და ბეჭდავს პირადობებს, მე მგონი არასერიოზული განცხადება,ა"-ამბობს გია ვოლსკი.

კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნით, გუშინ სამ არასამთავრობო ორგანიზაციას თავად სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა უთხრეს, რომ არჩევნების პირველ ტურის შემდეგ კენჭისყრის გასაყალბებლად მმართველმა გუნდმა პირადობის ყალბი მოწმობების ბეჭდვა დაიწყო და რომ ერთი ფოტოთი და ხუთი ყალბი პირადობის მოწმობა იბეჭდება, სადაც სახელი, გვარი და პირადი ნომერი განსხვავებულია.

ამავე თემაზე
დღის ამბები