26 აპრილი 2024,   20:08
ვრცლად
ხელისუფლება გეგმავს რეპრესიული ინსტრუმენტების ამოქმედებას - 16 არასამთავრობო ორგანიზაცია პროკურატურას მათზე ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს

ხელისუფლება გეგმავს რეპრესიული ინსტრუმენტების ამოქმედებას - 16 არასამთავრობო ორგანიზაცია პროკურატურას მათზე ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს.

ერთობლივ განცხადებაში სამოქალაქო სექტორი შეშფოთებას გამოთქვამს უწყების გამაფრთხილებელ გზავნილზე, რომელიც არასამთავრობოების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას არ გამორიცხავს.

„მიგვაჩნია, რომ მთავარი პროკურატურის განცხადება გაგრძელებაა იმ მიზანმიმართული პოლიტიკის, რომელსაც ბოლო პერიოდია საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ეწევა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც მისი გავლენის ქვეშ არ არიან მოქცეულნი და აქტიურად იბრძვიან საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ხელისუფლება უკვე კარგახანია გასცდა არასამთავრობო ორგანიზაციათა კრიტიკის იმ ზღვარს, რაც დასაშვებია დემოკრატიულ საზოგადოებაში და როგორც ზემოხსენებულ განცხადებაში არაორაზროვნად ჩანს, უკვე საკუთარი რეპრესიული ინსტრუმენტების ამოქმედებას გეგმავს ჩვენი კოლეგებისა და იმ პირთა დაშინების მიზნით, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ...

"ხელისუფლების უნდა ესმოდეს, რომ მისი უფლებამოსილება, საბოლოო ჯამში, ემსახურება ადამიანის უფლებების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში სრულად და ადეკვატურად განხორციელებას, ეს არის ხელისუფლების, მისი სამივე შტოს უმთავრესი მიზანი, ადამიანის უფლებების არსიდან გამომდინარე ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება. ხელისუფლების რომელიმე ორგანოს კომპეტენცია ვერ დაავიწროებს, შეცვლის, შეამცირებს ამა თუ იმ უფლების შინაარსს, რადგან ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციების კანონით გაწერის მიზანი ზუსტად ადამიანის კონსტიტუციური უფლებების სრულად დაცვა და უზრუნველყოფაა. ამიტომ მიზნის მიღწევის საშუალება ვერ იქნება თავად მიზნის მიღწევის საწინააღმდეგო, მისი გამომრიცხავი...

„შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, კარგად გაიაზროს ის პრინციპები, რომელიც განუყოფელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის, საკუთარი კომპეტენცია და ფუნქციები განიხილოს არა ადამიანის უფლებებისგან მოწყვეტით, როგორც ეს ავტორიტარული სახელმწიფოების სამართალდამცავი ორგანოებისთვისაა დამახასიათებელი, არამედ ადამიანის უფლებებთან ერთიანობაში. დაუფიქრდეს იმ გამოუსწორებლად დამაზიანებელ შედეგებს, რომელიც მათივე განცხადებით გათვალისწინებულმა სამომავლო ნაბიჯებმა შესაძლოა მოუტანოს როგორც ადამიანის უფლებათა დაცვით საქმიანობას საქართველოში, ისე ქართულ, ჯერ კიდე მყიფე დემოკრატიას,” - აღნიშნულია განცხადებაში.

საქმე ეხება ყალბი პირადობების შესაძლო დამზადების შესახებ პროკურატურის მიერ უფლებადამცველებისთვის ინფორმაციის წყაროს გამჟღავნების მოთხოვნას. ამ საქმეზე უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს სამოქალაქო სექტორის წევრების გამოკითხვა.

არასამთავრობო ორგანიზაციები არ ასახელებენ იმ პირს, ვინც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, ყალბი პირადობების შესაძლო დაბეჭდვის საქმეზე მიაწოდა მათ ინფორმაცია, რადგან მათი თქმით, ეს პრინციპული საკითხია ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც კონფიდენციალობის დაცვის პირობით თანამშრომლობენ სამოქალაქო სექტორთან. 

დღის ამბები