03 მაისი 2024,   16:08
ვრცლად
"დიპლომატების პოზიციაა, რომ საჯარო მოხელის ინტერესები იყოს დაცული" - ფხალაძე საჯარო მოხელეების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე

არასამთავრობო სექტორის შემდეგ, ხმაურიანი ცვლილებების პროექტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებმა დიპლომატებთან ერთად განიხილეს. საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა, პრეზიდენტის სასახლეში, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები, მათთან იმ საფრთხეებზე საუბრობდნენ, რაც მმართველი გუნდის ინიციატივის მიღების შემდეგ, საჯარო მოხელეებს და ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუტებს ექმნებათ.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა.

ფხალაძე ამბობს, რომ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტთან ერთად, მისი გუნდიც ტოვებს ადმინისტრაციას. თუმცა ფხალაძის თქმით, ამ შემთხვევაში საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც აპოლიტიკურები არიან და ადმინისტრაციაში პირველი პრეზიდენტის დროიდან მუშაობენ.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, დიპლომატების ინტერესს იწვევს ის, თუ როგორ განხორციელდება საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმა.

„პრეზიდენტის გუნდი ამ ოფისს ტოვებს პრეზიდენტთან ერთად, კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს. საუბარია საჯარო მოხელეებზე, რომლებიც ამ შენობაში მუშაობენ მათ შორის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დროიდან დაწყებული და რომლებიც არიან აბსოლუტურად აპოლიტიკურები. მათ აქვთ  თავიანთი საკლასო ჩინები და ეს ხალხი არის თავის საქმის პროფესიონალი. ბუნებრივია, ის, თუ როგორ განვითარდება და როგორ განხორციელდება საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმა, ჩვენი პარტნიორების ძალიან დიდ ინტერესს იწვევს და შესაბამისად, ის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები, საქართველოს აქვს თავისი ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის მიმართულებით. ეს რეფორმა და საჯარო მოხელის დაცვა ერთ-ერთი ნაწილია ამის და ბუნებრივია, ინტერესი არის დიდი, ინტერესი არის მაღალი. მათი პოზიცია არის ის, რომ საჯარო მოხელის ინტერესები უნდა იყოს დაცული, როგორც ამას მოითხოვს უმაღლესი ევროპული სტანდარტები,“ - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საჯარო მოხელის შესახებ კანონში ცვლილებებს, რაც სალომე ზურაბიშვილს აძლევს უფლებას, გაათავისუფლოს ყველა ახსნა-განმარტებისა და კომპენსაციის გარეშე.

დღის ამბები