01 მაისი 2024,   07:22
ვრცლად
"მინდა ჩემი გვარი" - თეონა ხინჩიგაშვილი ამტკიცებს, რომ ივანიშვილის ძმის შვილია და სასამართლოში დაობს 

სააპელაციო სასამართლო თეონა ხინჩიგაშვილის საქმეს განიხილავს, რომელიც ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის შვილია. ის გვარის მიცემას მოითხოვს.

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე ივანიშვილის და თეონა ხინჩაგაშვილის ნათესაური კავშირი დგინდება, ბიძინა ივანიშვილის ძმა უნდობლობას უცხადებს.

საქმე სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა და მიიღებს თუ არა თეონა ხინჩიგაშვილი ივანიშვილის გვარს, ცნობილი უახლოეს პერიოდში გახდება. იქამდე კი თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე გადაწყვიტა, რომ თეონა ალექსანდრე ივანიშვილის შვილია და მამამ ქალიშვილს გვარი უნდა მისცეს, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ძმამ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

საქმეს სამოქალაქო საკითხების პალატა იხილავს, რომლის შემადგენლობაშიც, რუსთავი2-ის საქმის განმხილველი მოსამართლე ნატა ნაზღაიძეა.

ალექსანდრე ივანიშვილის ადვოკატი, სანდრო სამადბეგიშვილი არ გამორიცხავს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეცდომა მოსვლოდა.

„საკითხი არ არის პრინციპული. საკითხი მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ ქალბატონ თეონას ვთხოვეთ, რომ იმისთვის, რომ მე თვითონ დავრწმუნდე, ჩემს მარწმუნებელზე დავრწმუნდე, გთხოვ, რომ მოდი, მეორეც ჩავატაროთ,“ - ამბობს ადვოკატი.

თეონა ხინჩეგაშვილის ადვოკატი, ლაშა შუკაკიძე კი აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიხედვით, ხინჩეგაშვილი სწორედ ალექსანდრე ივანიშვილის შვილია. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილმა გაყალბება სცადოს და სწორედ ამიტომ ითხოვს სხვა ქვეყანაში ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას.

თეონა ხინჩეგაშვილი ამბობს, რომ დედამისი ჯერ კიდევ 30 წლის წინ ცდილობდა შვილისთვის გვარის მიცემას.

„4 თვის იყო დედაჩემი ფეხმძიმედ, მაგის მერე ჩივის. პარტიიდან მამაჩემი რატომ გამოაგდეს, შეეკითხეთ, დედაჩემი უჩიოდა და მაგიტომ გამოაგდეს. ეს დღეს და გუშინ კი არ გაიგო ეს საქმე. ახლა შეიძლება ბევრმა თქვას, რომ ახლა, მდიდრები არიან, მილიონერები არიან და იმიტომ უჩივის. 30 წლის წინ ისეთივე ხალხი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ და მაშინაც კი უჩიოდა დედაჩემი. ჩვენი პოზიცია არის, რომ მინდა ჩემი გვარი. ახლოს ვინ მიგიშვებდა, ანზორიც იყო ჩუბინიძე, მივედი და ბიძაჩემის ნახვა მინდა მეთქი, იმიტომ, რომ ეგ მფარველობდა, ერთადერთი ჩემი მფარველი იყო ბიძაჩემი და რა მითხრეს, აქ რას მოდიხარ, წადი და მამაშენთან მიდიო,“ - ამბობს თეონა ხინჩეგაშვილი.

დღის ამბები