03 მაისი 2024,   17:51
ვრცლად
პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს 

ცესკოს თავმჯდომარეობის რომელ სამ კანდიდატს დაასახელებს პრეზიდენტი, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. გუშინ კონსულტაციების შედეგად  არასამთავრობო ორგანიზაციებმა სალომე ზურაბიშვილს 4 კანდიდატი შესთავაზეს.

ესენი არიან: თამარ ჟვანია, რომელმაც შესაძლოა, პოსტი მეორე ვადით შეინარჩუნოს, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი მარიამ შელეგია. შელეგია „ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში ირიცხება. მან პარტიას 2013 წელს 10 ათასი ლარი შესწირა.

დასახელებული კანდიდატებიდან სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს სამი უნდა წარუდგინოს. საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებმა კი ფარული კენჭისყრის შედეგად ერთი უნდა დაამტკიცონ. ამისთვის ცესკოს 4 წევრის თანხმობა იქნება საჭირო.

არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევისას, მისი აპოლიტიკურობის აუცილებლობაზე საუბრობენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კანდიდატურა იყოს პრინციპული და რა თქმა უნდა მას კონკრეტული აფილირება არ ჰქონდეს ამა თუ იმ გაერთიანებასთან. ვინაიდან როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზეა საუბარი, ის სწორედ პროფესიული ნიშნით უნდა ირჩეოდეს. შესაბამისად ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენს მოსაზრებებს წარვადგენთ ამ მოცემულობიდან გამომდინარე,“-განაცხადა საია-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა.

დღის ამბები