11 მაისი 2024,   06:35
ვრცლად
კრიზისი „ქართულ ოცნებაში“ - სახელდებიან დეპუტატები, რომლებიც ფრაქციას უმრავლესობის გარეთ შექმნიან

მმართველ გუნდში დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. პარლამენტის კულუარებში უკვე აქტიურად საუბრობენ, რომ მწვავე ვითარება, სავარაუდოდ, „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატების ნაწილის წასვლით და ახალი ფრაქციის შექმნით დასრულდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გამო დაწყებული განხეთქილების შემდეგ, სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებას“ სიით უკმაყოფილო დეპუტატები ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით დატოვებენ. ახალ ფრაქციას სათავეში, სავარაუდოდ, იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ჩაუდგება. ერთ-ერთი პირველი ამ სიაში გედევან ფოფხაძე სახელდება.

ეკა ბესელიას ახალი ფრაქციის წევრებად ფოფხაძესთან ერთად სახელდებიან ასევე ლევან გოგიჩაიშვილი, რუსლან პოღოსიანი და დავით ჭიჭინაძეც, თუმცა ფრაქციის შესაქმნელად კიდევ ერთი დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

დაპირისპირების ფონზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სამუშაო კაბინეტი უკვე ერთი კვირაა, დაკეტილია. არჩილ თალაკვაძე არც თანაგუნდელებთან და არც ტელეკამერებთან არ ჩნდება. ბოლოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გუშინ, ფრაქციის დახურულ სხდომაზე ნახეს, თუმცა გედევან ფოფხაძე იხსენებს, რომ თალაკვაძეს განცხადება არ გაუკეთებია და ჩუმად იჯდა.

„კურიერის“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს იძულებითი პოლიტიკური ტაიმ აუტი აქვს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ უმრავლესობის ლიდერი უბრალოდ ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ ისვენებს.

არჩილ თალაკვაძეს განმარტება დღეს, არც გედევან ფოფხაძის ბრალდებაზე გაუკეთებია. „ქართული ოცნების“ დეპუტატი, რომელსაც თანაგუნდელებმა იურიდიული კომიტეტების წევრის სტატუსი გუშინ ოფიციალურად ჩამოართვეს, ლიდერებისგან მიღებული დავალების დეტალებს იხსენებს. გედევან ფოფხაძის თქმით, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა, არჩილ თალაკვაძემ და მამუკა მდინარაძემ დაურეკეს და კომენტარისგან თავის შეკავება სთხოვეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები