26 აპრილი 2024,   20:22
ვრცლად
"ივანიშვილისგან და კობახიძისგან არ მოგვისმენია, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს არ დარჩება სასამართლო" - სერგი კაპანაძე

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესებას და მასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში მიმდინარე დაპირისპირებას  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, სერგი კაპანაძე, ეხმაურება.

სერგი კაპანაძისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს არ დარჩეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ამ ეტაპზე მმართველი პარტიისგან ვერ ხედავს პოლიტიკურ მზაობას, რომ აღნიშნული 10-კაციანი სია არ დამტკიცდეს.

კაპანაძის განმარტებით, ოცნების წევრები მხოლოდ კრიტერიუმების შეცვლაზე საუბრობენ და არ აფიქსირებენ ღიად პოზიციას, რომ სასამართლო სისტემა მურუსიძის კლანისგან გათავისუფლდება. სწორედ ამიტომ ეჭვობს, რომ ახალი კრიტერიუმები ისევ აღნიშნულ კანდიდატურებს მოერგება.

სერგი კაპანაძის შეფასებით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა შორის არიან ისეთები, რომლებიც ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ.

„არცერთ ეტაპზე არც ივანიშვილისგან, არც კობახიძისგან და არც ქართული ოცნების მესვეურებისგან ჩვენ არ მოგვისმენია პოლიტიკური ნების გამოხატვა, რომ ეს სია არ გავა, უფრო სწორად, სიის გასვლა-არგასვლა კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს არ დარჩება სასამართლო. ამაზე საუბარი ჩვენ არ მოგვისმენია, ჩვენ მოვისმინეთ რაღაც ტექნიკურ დეტალებზე, რომ კრიტერიუმები იქნება დამუშავებული იმ მიზნით, როგორც ჩანს, რომ ამ სიაში არსებული მოსამართლეების დიდი ნაწილი ახალ კრიტერიუმებს მოარგონ და უფრო უკეთ იყოს გამართლებული ამ ხალხის უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესება. საუბარია მოსამართლეებზე, რომლებიც ბოლო 7 წლის განმავლობაში ჩვეულებრივი ყურმოჭრილი მონები იყვნენ ივანიშვილის და მის ყველა დავალებას ასრულებდნენ. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებისთვის სასამართლოს ხელში ჩაგდება არის დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები