26 აპრილი 2024,   12:57
ვრცლად
6 წლის ბავშვის უმძიმესი მდგომარეობა - ოჯახის მოთხოვნას ჯანდაცვის სამინისტროში პასუხობენ

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი 6 წლის ბავშვის ოჯახის მოთხოვნას ჯანდაცვის სამინისტროში პასუხობენ. დავით სერგეენკოს უწყებაში აცხადებენ, რომ ოჯახს პაციენტის მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელებასთან დაკავშირებით დახმარება ოფიციალურად ამ დრომდე არ უთხოვია.

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, მარინა დარახველიძე ამბობს, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ტრანსპორტირება ამ დროისთვის დაუშვებელია.

„პაციენტს, მის ოჯახს, მის კანონიერ წარმომადგენელს სამინისტროში არ მოუმართავს, თუმცა, ჩვენ ვართ საქმის კურსში და ვიცით, რა დიაგნოზი და როგორი გზა გაიარა ამ პაციენტმა აჭარის სამედიცინო დაწესებულებიდან მისი ლოკაციის ბოლო ადგილამდე და დღესდღეობით საბოლოო სამუშაო დიაგნოზი არის დაუდგენელი, ინფექციური პათოლოგიით გამოწვეული სისტემური ანთებითი რეაქციის პასუხი. როდესაც ბავშვი იქნება ტრანსპორტაბელური, დღესდღეობით, კლინიკა ამბობს, რომ ეს არის შეუძლებელი იმიტომ, რომ ბავშვს ყოველ 2-3 საათში ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურები უტარდება - გადასხმები, მედიკამენტები და ა.შ. სტაბილიზაციის შემდგომ შესაძლებელია, განხილულ იქნას მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანის და მკურნალობის იქ გაგრძელების საკითხი,“ - განაცხადა მარინა დარახველიძემ.

6 წლის ბავშვის ოჯახი პაციენტის მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელებას და დაფინანსებას ითხოვს. ბავშვი მართვით სუნთქვაზე რჩება, მას ერთდროულად რამდენიმე დიაგნოზი დაუდგინდა.

ის ბათუმის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა, ექიმების განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ბავშვის ტრანსპორტირება ახლა საშიშია.

ამავე თემაზე
დღის ამბები