05 მაისი 2024,   11:19
ვრცლად
ჯვრის მონასტერი გაიხსნა

რამდენიმე დღიანი დაკეტვის შემდეგ ჯვრის მონასტერი გაიხსნა. გადაწყვეტილება წინამძღვარმა ცოტა ხნის წინ მიიღო, თუმცა მიზეზი უცნობია. გუშინდელ დღემდე ტაძრის სანახავად ჩამოსულ ტურისტებს ეკალ-ბარდების გავლა და რკინის ღობეზე გადაძრომა უწევთ. მონასტრის წინამძღვარი ეკლესიაში არც ტურისტებს და არც მომლოცველებს არ უშვებდა.

ქალაქ მცხეთის მერის, გიორგი კაპანაძის თქმით, ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომ არც ერთ მხარეს საქმიანობაში ხელი არ შეეშალოს. 

„ალბათ, მივიღებთ ყველანი ერთად იმ გადაწყვეტილებას, რომ მონასტერს არ შეეშალოს ხელი და მღვდელმსახურებს არ შეეშალოს ხელი მოღვაწეობაში და გარე მოვაჭრეებსაც შევუქმნათ ისეთი ცივილური გარემო, რომ არ იყოს არანაირი უსახურობა,“ - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

მისი თქმით, როგორც კი ტაძრის წინამძღვარი ტერიტორიაზე დახლების ატანის თანხმობას მისცეს, მაშინვე ამას უზრუნველყოფს. 

„მე არ მინდა, მარტომ მივიღო რაიმე გადაწყვეტილება, ჩაერთვებიან, ალბათ, კულტურის სამინისტროდანაც, საპატრიარქოდანაც,“ - აღნიშნავს მცხეთის მერი.

ჯვრის მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის, მიხეილ გიორგაძის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად შესაბამის ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობს, რომელიც არსებული ვითარების მოწესრიგებას შეუწყობს ხელს. 

გუშინ ჯვრის მონასტრის საძმომ წერილი გაავრცელა, სადაც განმარტეს ის მიზეზი, რის გამოც უკვე 48 საათია, ტაძარი დაკეტილია. განცხადების თანახმად, ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება მოუგვარებელ კონფლიქტებს უკავშირდება.

წერილში ნათქვამია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე, გარემოვაჭრეებმა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომი დაიკავეს და უკანონო ვაჭრობა დაიწყეს.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები