13 ნოემბერი 2019,   21:15
ვრცლად
ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ძალადობა - ევროსაბჭოში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები განიხილეს

დებატები ევროსაბჭოში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ - საკითხზე, რომელსაც მომხსენებელი ჰყავდა, საკუთარი აზრი ევროსაბჭოს დეპუტატებმაც გამოთქვეს. მთავარ პრობლემად დასახელდა წინასაარჩევნო დარღვევები, მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და სამუშაო დღეს არჩევნების ჩატარება.

დებატებისას მომხსენებლები საკუთარ შეფასებებში აცხადებდნენ, რომ საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს სტანდარტებს არ შეესაბამება.

„მეორე ტური იყო კონკურენტული და კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ, თავისუფლად ჩაეტარებინათ კამპანია, მაგრამ ერთი მხარე სარგებლობდა უპირატესობით და კამპანიის ნეგატიურმა ხასიათმა პროცესს ორივე მხარეს ძირი გამოუთხარა. ჩვენმა წევრებმა ზოგიერთ უბანზე და მის მიმდებარედ შენიშნეს ე.წ. კოორდინატორები, რომლებიც მითითებას აძლევდნენ ამომრჩეველს, ასევე ინიშნავდნენ, ვინ მივიდა უბანზე და ვინ არა - მსგავსი ქმედებები საარჩევნო პროცესის დროს უნდა გამოირიციხოს.

"რაც შეეხება კამპანიას, ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, ცალკეულ ძალადობრივ ქმედებებზე, რომ შლიდნენ საარჩევნო კამპანიის ღონისძიებებს, ასევე არსებულ შეშფოთებებზე. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და საჯარო მოხელეების მონაწილეობაზე კამპანიაში სამუშაო საათების დროს.

"გამოვხატეთ შეშფოთება და აღვნიშნეთ, რომ ეს ყველა ეს ქმედება შლის ზღვარს სახელმწიფოსა და პარტიას შორის, რაც არ შეესაბამება ევროსაბჭოს სტანდარტებს დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით, არსებობს დისბალანსი შემოწირულობებსა და ხარჯებს შორის, რამაც ვერ შეუწყო ხელი თანაბარ გარემოს,“- აცხადებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლი, ანდრეი ჰანკო.

არათანაბარ დაფინანსებასა და მმართველი პარტიისგან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას უსვამს ხაზს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი აბერგ ბოიანა. ის ასევე ყურადღებას ამახვილებს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაში არსებულ ხარვეზებზე. ევროსაბჭოს ასამბლეის მომხსენებელი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მან ვერ შეძლო, არჩევნების მეორე ტურს დაკვირვებოდა, რადგან ის სამუშაო დღეს დაინიშნა.

"საჯარო სექტორის თანამშრომლებს ემუქრებოდნენ, რომ სამსახურს დაკარგავდნენ. უდაოდ, ვალების ჩამოწერის გადაწყვეტილებამ მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან დაკავშირებული კერძო ფონდის მიერ, სარგებელი მოუტანა მის კანდიდატს, ეს იყო ხმების მოსყიდვის ნამდვილი და დახვეწილი შემთხვევა,"- ამბობს აბერგ ბოიანა და აღნიშნავს, რომ ჩნდება ეჭვი, რამდენად ჰქონდა ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. 

დღის ამბები