18 თებერვალი 2019,   09:21
ვრცლად
ხელოვნურად აჟიტირებული პროცესი - მოსამართლეთა თვითაცილებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ერთობლივ გადაწყვეტილებას თვითაცილების მოთხოვნასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დადებითად აფასებენ.

მმართველი გუნდი მოსამართლეთა ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით დაწყებულ განხილვებს და მწვავე კრიტიკას ხელოვნურ პროცესს უწოდებს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ აღნიშნული სიის დაჩქარებულ რეჟიმში დამტკიცებას თავად მმართველი გუნდის წევრები ეწინააღმდეგებოდნენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე თანაგუნდელების ნაწილს აკრიტიკებს, რომლებმაც, მისი აზრით, სიასთან დაკავშირებული პროცესები პირადი მიზნებისთვის გამოიყენეს.  

„მგონია, რომ ეს პროცესი იყო ხელოვნურად აჟიტირებული იმის ფონზე, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ არ მოხდება ამ პროცესის ფორსირებულად წარმართვა და ეს განვაცხადეთ თავიდანვე. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ჩვენ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ჩვენი საზოგადოების ინტერესში და როდესაც იქნება წარმოდგენილი ახალი კრიტერიუმები გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე ახალი სია, ბუნებრივია, იმ სიაზე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა კილაძემ.

მოსამართლეთა ერთობლივი გადაწყვეტილება მისაღებია პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილისთვის. დეპუტატი ამბობს, რომ ახლა ჯერი პარლამენტზეა, რომელმაც ახალი კრიტერიუმები უნდა შეიმუშავოს.

„მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად აქ არ იყო არანაირი სამართლებრივი დარღვევა სიის წარმოდგენისა, საზოგადოების მაჯისცემას ადეკვატურად შეხვდა როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სწორედ აქედან გამომდინარე, იქნა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული თვითონ ამ მოსამართლეთა კანდიდატების მხრიდანაც, ეს სათანადოდ უნდა იყოს ადეკვატურად შეფასებული და აღქმული და პარლამენტმაც, ცხადია, შესაბამისი შემხვედრი ნაბიჯით განსაზღვრა, რომ დავადგენთ აუცილებლად კრიტერიუმებს და შემდეგ მოხდება უკვე ახალი სიის ფორმირება,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიერ თვითაცილების მოთხოვნის შესახებ ცნობილი დღეს გახდა. 10-ვე კანდიდატმა პარლამენტს მათი კანდიდატურების აცილების მიზნით მიმართა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები