02 მაისი 2024,   17:37
ვრცლად
უხარისხო საკვები ბაღებში - მერია "ნილთან" კონტრაქტის გაწყვეტას არ გეგმავს

ოპოზიცია თბილისის საბავშვო ბაღების საკვებით მომმარაგებელ კომპანია „ნილთან“ კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერიას მიმართა. ოპოზიცია სარჩელის შეტანას პროკურატურაშიც გეგმავს.

მერიის შიდა აუდიტის დასკვნით ირკვევა, რომ თბილისის საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი საკვები სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ბავშვები დაბალხარისხიანი პროდუქტისგან მომზადებული საჭმლით იკვებებოდნენ.

კომპანიასთან კონტრაქტის გაწვევის აუცილებლობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი. მისი თქმით, ამის საფუძველს თავად მერიის შიდა აუდიტის დასკვნა იძლევა.

„მე თან მაქვს შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის მიერ წარმოებული დასკვნა, სადაც წერია, რომ კომპანია არაჯეროვნად ასრულებდა მის მოვალეობას, რაც გულისხმობს იმას, რომ დედაქალაქში ერთი წლის განმავლობაში 60 ათასზე მეტ ბავშვს ემსახურებოდნენ, მათივე დაწერილი და შედგენილი დოკუმენტით, უხარისხო საკვებით, რომელიც სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. შესაბამისად, ჩვენ დედაქალაქის მერისგან, კახი კალაძისგან ვითხოვთ ამ ხელშეკრულების გაუქმებას,“ - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

ოპოზიციის მოთხოვნას არ იზიარებს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე. მისი თქმით, ბაღების მონიტორინგი პერმანენტულად ხორციელდება და აუდიტის დასკვნა მხოლოდ კომპანიის დაჯარიმებას ითვალისწინებს.

„მონიტორინგი მიმდინარეობს პერმანენტულად ბაგა-ბაღებში, როგორც ბაღების სააგენტოს მონიტორინგის მიერ, ასევე, სურსათის სააგენტოს უვნებლობის სააგენტოს მიერ, ამასთანავე შიდა აუდიტის სამსახურიც ჩართულია ამ პროცესში. ეს არის ერთეული შემთხვევები, როდესაც ხდება გარკვეული გადაცდომები და თავისთავად ჩვენც ვრეაგირებთ, ამ შემთხვევაში ჯარიმების სახით მოვახდინეთ რეაგირება და მიზანშეწონილად ნადვილად არ მიგვაჩნია ხელშეკრულების შეწყვეტა,“ - ამბობს კახაბერ გვანცელაძე.

თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი ამბობს, რომ აღნიშნული დარღვევების გამო, კომპანია „ნილი“ 30 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმდა. ელოშვილის თქმით, დარღვევების მიუხედავად, არცერთი პროდუქტი ბავშვების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი არ იყო. თბილისის მერია "ნილთან" კონტრაქტის გაწყვეტას არ გეგმავს

„სრულიად უმნიშვნელო სხვაობები იყო ხარისხთან დაკავშირებით, შესაბამისობებთან დაკავშირებით კონტრაქტთან, რაზეც დაჯარიმდა, როგორც ითვალისწინებს კონტრაქტი, 30 ათასი ლარით "ნილი", ეს იყო ჩვენი კონტრაქტორული მოვალეობა, რაც შევასრულეთ. რაც შეეხება გაუქმებას კონტრაქტის, ეს ამ შემთხვევაში არ ითვალისწინებს. ასეთი ტიპის გადაცდომა, რომ ჩვენ ეს გაგვეუქმებინა, არ არსებობს,“ - განაცხადა ილია ელოშვილმა.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები