02 მაისი 2024,   16:10
ვრცლად
„მთავრობანას თამაში არსებით ცვლილებას ვერ მოიტანს“ - ოპოზიცია მოსალოდნელ საკადრო გადაადგილებებზე

„ეს მთავრობანას თამაში არსებით ცვლილებას ვერ მოიტანს“ - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს.

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ საკადრო გადაადგილებები ქვეყნისთვის ცვლილებას ვერ მოიტანს და პრობლემებს ვერ მოაგვარებს. 

„ვერც სიღარიბე დაიძლია, ვერც უმუშევრობა შემცირდა, ფასები ისევ მაღლა მიდის და, სამწუხაროდ, ეს მთავრობანას თამაში, რასაც ადგილი აქვს, ბიძინა ივანიშვილის პირობებში და რაც იქნება იგივე გახარიას მიერ ჩანაცვლება ბახტაძით, ეს მთავრობანას თამაში არსებით ცვლილებას ვერ მოიტანს, ვერც სიღარიბის დაძლევის, ვერც უმუშევრობის დაძლევის და ვერც ფასების ზრდასთან ბრძოლის თავლსაზრისით,“ - განაცხადა ზურა ჭიაბერაშვილმა.

შს მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის პოსტზე შესაძლო დანიშვნას ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი, თინა ბოკუჩავა ეხმაურება. დეპუტატი გახარიას მინისტრობის დროს გამოვლენილ პრობლემებსა და დარღვევებზე საუბრობს. 

„გახარიას დროს კრიმინალი გაზრდილია, გახარიას დროს ჩატარდა უპრეცედენტოდ ცუდი არჩევნები, რომელშიც ის პირადად იყო ჩარეული, რასაც მოჰყვა ია კერზაიას გარდაცვალება, რაშიც ის არის პასუხისმგებელი. გახარიას დროს ჩაატარა არჩევნები რეალურად სუს-მა და მივიღეთ ასეთი მკაცრი შეფასებები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. მაგრამ ეს ყველაფერი ცხადია, ბიძინა ივანიშვილისთვის არის მეორეხარისხოვანი, მეასეხარისხოვანი, იმიტომ, რომ  მისთვის მთავარია ამ პოლიციური რეჟიმის მეშვეობით გააგრძელოს ფულის მოხვეჭა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გავრცელებული ცნობით, გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშვნა იგეგმება. პრესა აქტიურად წერს მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებაზე. "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის პრემიერად დანიშვნაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ პარტია ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ისაუბრა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ამომრჩევლისგან ერთი წელი ითხოვა იმისთვის, რომ ქვეყანაში პრობლემებს გამოასწორებდა. 

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკადრო ცვლილებებს, მათ შორის უმაღლეს დონეზე, გაზაფხულზე განახორციელებს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები