02 მაისი 2024,   19:26
ვრცლად
დიდი ხუთშაბათი "ოცნებაში" - ივანიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა სრული შემადგენლობით დაიბარა, მათ შორის, ე.წ. ამბოხებულებიც

დიდი ხუთშაბათი ქართულ ოცნებაში - ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა სრული შემადგენლობით დაიბარა, მათ შორის, ეკა ბესელია და მისი მეამბოხეებიც.

როსტომ მეფის სასახლეში პოლიტიკურ კრიზისში შესული ქართული ოცნების ლიდერები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. 113-კაციან შეხვედრაზე გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე იმსჯელებენ.

დასრულდება თუ არა რადიკალური განაჩენით სხდომა და გარიცხავს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიას, ეს ხუთშაბათის შეხვედრის მთავარ კითხვად რჩება.

ეკა ბესელია კი ევროსაბჭოში ვიზიტს წყვეტს და მმართველი პარტიის საგანგებო შეხვედრაზე სტრასბურგიდან ჩამოდის.

პარლამენტის თავმჯდომარესთან დაპირისპირებული იურდიული კომიტეტის გადამდგარი თავმჯდომარე სხდომაზე საგანგებოდ მიიწვიეს.

ბესელია გუნდიდან გარიცხვას ან რაიმე სახის სანქციას არ ელოდება.

პოზიციას არ ცვლიან ეკა ბესელიას თანამოაზრე ე.წ. ამბოხებული დეპუტატები. ისინი შეეცდებიან, ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნონ იმაში, თუ რატომ არის საფრთხისშემცველი მიხეილ ჩინჩალაძის და მისი კლანის გაძლიერება სასამართლო სისტემისთვის.

უმრავლესობის შემადგენლობაში 8 ფრაქციაა და დღეს შეხვედრაზე დასასწრები მოსაწვევი ყველა მათგანს გაეგზავნა. ახლა ყველა ბიძინა ივანიშვილის ვერდიქტის მოლოდინშია.

ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობა მწვავე დაპირისპირებიდან ერთი თვის შემდეგ შეკრიბა. მანამდე კი ეკა ბესელიას საპასუხოდ მან მხოლოდ წერილობითი განცხადება გაავრცელა და ის გუნდური თამაშის წესების დარღვევაში დაადანაშაულა.

დღის ამბები