02 მაისი 2024,   18:47
ვრცლად
"ფაქტობრივად ნაღმზე ვზივართ" - ლიკა ბასილაია-შავგულიძე განმარტებებს "ყაზტრანსგაზისგან" ითხოვს

"მე არსად მომისმენია მათი განმარტება, მათი ფუნქციების ჩამონათვალი, ელემენტარული ინფორმაცია, რა პროცედურას გადის მათი შემმოწმებელი, როცა ასეთ სიტუაციაში ხვდება," - ყაზტრანსგაზთან კითხვები აქვს ჟურნალისტ ლიკა ბასილაია-შავგულიძეს.

მისი თქმით, ამ დრომდე საზოგადოება ვერ იღებს კომპანიის პასუხისმგებელი პირისგან განმარტებებს, დაცულია თუ არა აბონენტების უსაფრთხოება და რა მდგომარეობაშია გაზსადენი მილები, რომლითაც ქალაქი და შემდეგ უკვე საცხოვრებელი ბინებია დაქსელილი.

როგორც გადაცემა არჩევანში საუბრისას  ჟურნალისტი ამბობს, კომპანიის ოფიციალურ გვერდზე გაზსადენი მილების რეაბილიტაციისთვის გაწეული ინვესტიცია 2014 წლით თარიღდება. ამის შემდეგ უკვე უცნობია, იზრუნა თუ არა ყაზტრანსგაზმა მილების რეაბილიტაციაზე. 

„იყო თუ არა ყაზტრანსგაზი მოვალე, შეემოწმებინა ყველა ბინა ცალცალკე. არის სხვადასხვა ტიპის საუბარი, რომ უნდა დაიქირაო კერძო კომპანია, რომელიც დაერთებას გააკეთებს ცენტრალური მაგისტრალიდან სახლში. ეს ვინ უნდა გააკეთოს? შესაბამისად, თუ ყაზტრანსგაზი ვერ აყენებს უსაფრთხოდ, რა გარანტია უნდა გვქონდეს, რომ კერძო კომპანია შეიძლება, უკეთაც მუშაობდეს. ჩვენ არაფერი ვიცით. არაფერი ვიცით, თვითონ მილები რა მდგომარეობაში. ან სამხარაულის დასკვნა მინდა, ან ყაზტრანსგაზმა მითხრას, მართალია თუ არა, რაც ბატონმა სოსო სვიმონიშვილმა თქვა, რომ მთელი მაგისტრალები ჟონავს და როდის ამოჰყვება ეს გაზი სატელეფონო ხაზებს ან სხვას, არ ვიცით. ფაქტობრივად, ნაღმზე ვზივართ. არცერთი განცხადება არ გამიგია. გამოსულიყო ყაზტრანსგაზის წარმომადგენელი და ეთქვა, რომ ეს ასე არის, ან ეს ასე არ არის. გვეშინია, ქუჩაში ვერ გაგვივლია. წავიკითხე საიტზე, რომ 2006 წლიდან 2014 წლამდე აქვთ განხორციელებული 96 მილიონი ლარის ინვესტიცია რეაბილიტაციასა და დიაგნოსტიკაში. გამოდის, რომ ბოლო წლები არაფერი გაუკეთებიათ. გაგვაგებინონ, რას აკეთებენ. ჩვენგან აკრეფილი გადასახადები სად მიემართება? მიემართება თუ არა მილების შესწავლაში, მიემართება თუ არა უსაფრთხოების გაძლიერებაში. საერთოს არ გვინახავს არცერთი პასუხისმგებელი პირი უსაფრთხოებაზე, თან როგორც ირკვევა, ეს არის სახელმწიფოს ხელში რეალურად, არალეგალურად ასე გამოდის,“ - ამბობს ლიკა ბასილაია-შავგულიძე.

დღის ამბები