26 აპრილი 2024,   12:35
ვრცლად
ცვლილებები კონსიტიტუციასა და საარჩევნო კანონდებლობაში - მრგვალი მაგიდა „რუსთავი 2-ის" ეგიდით

„რუსთავი 2-ის" ეგიდით მრგვალი მაგიდა დასრულდა, სადაც დილიდან არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, დიპლომატები და მედიის წარმომადგენლები მართავდნენ კონსულტაციებს.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ და ამბობენ, რომ ამ ცვლილების განსახორციელებლად კანონპროექტი უნდა წარადგინონ.

"თავისუფალი დემოკრატების” წევრი, ალექსანდრე ბარამიძე აღნიშნავს, რომ ახალ კონსტიტუციაში კონკრეტულად ერთ დათქმაზე თუ გააკეთებენ აქცენტს, მაშინ ხელისუფლების კონტრარგუმენტი უსაფუძვლო იქნება.

„ახლა, როდესაც კონსტიტუციის ახალი რედაქცია არის ამოქმედებული, ჩვენ შეგვიძლია სწორედ ამ კონკრეტულ დათქმაზე მივიტანოთ, ასე ვთქვათ, კამპანიური ხასიათის იერიში და ხელისუფლებას ის კონტრარგუმენტი, რომელიც ჰქონდა მაშინ, ახლა უკვე აღარ ექნება. ის ვერ იტყვის იმას, რომ ვერ დავთანხმდები ამ ცვლილებას იმიტომ, რომ სხვა ცვლილებების გატანა მინდაო, იმიტომ, რომ სხვა ცვლილებებზე ლაპარაკი უკვე არ იქნება,“ - აცხადებს ალექსანდრე ბარამიძე.

ოპოზიციური პარტიების გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების შეტანის შემდეგ საარჩევნო კანონმდებლობაც შესაცვლელი იქნება.

„კანონპროექტი ბატონი სანდროს შექმნილი არის და როდესაც ვესაუბრებოდი, ბატონ სანდროსთან და ბატონ შალვასთან, მათი ინიციატივით, ჩვენ პირველი, რაზეც მოვილაპარაკეთ ის, რომ ყველაზე სწრაფად შეიძლება ამის დაწყება და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის იმიტომ, რომ კონსტიტუციის ცვლილება არის, მაგრამ ამას აუცილებლად მოჰყვება საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგულაციებში ცვლილებების მოთხოვნა,“ - განაცხადა ვაშაძემ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი, გიგი უგულავა ამბობს, რომ თუ 2020 წელს ისევ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, მაშინ „პოლიტიკა იქნება ლეგიტიმურად დესტრუქციული“.

„ამიტომ, 2020-ის მერე პოლიტიკა იქნება ლეგიტიმურად დესტრუქციული, იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ კიდევ 4 წელი მომეცით, მაჩუქეთ, იმ 4 წელს მერე მაგას არავინ არ აჩუქებს,“ - განაცხადა უგულავამ.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია სწორედ ის, რომ გაირკვას, ვინ უჭერს მხარს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.

„ოპოზიცია იწყებს ხელმოწერების შეგროვებას კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. დღეს, ალბათ, გაირკვევა, ვინ უჭერს ამ ინიციატივას მხარს და ვინ არ უჭერს ამ ინიციატივას მხარს. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღევანდელი ჩვენი მრგვალი მაგიდის მთავარი სიახლე საზოგადოებისთვის არის ეს და ეს ძალიან საინტერესოა. თუმცა, ოპოზიცია აქვე აფიქსირებს, რომ ეს ცვლილებები ვერ იქნება ერთადერთი და მას უნდა მოჰყვეს თანმდევი ცვლილებები საარჩევნო ადმინისტრირების და რეფორმირების რადიკალური შეცვლის კუთხით,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივა მისაღებია სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებლის, ალეკო ელისაშვილისთვის.

„შეიძლება აიღონ სულაც 30 ან 29 პროცენტი და მაჟორიტარების წყალობით, ეს გადაიქცევა 85 ან 95 პროცენტად, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ძალიან მარტივად ვიტყვით, ხალხი სულ მეკითხება ხოლმე, გვეშველება რამე? მაჟორიტარები თუ დარჩა და მაჟორიტარული სისტემა თუ დარჩა, ეს ქვეყანა წინ ვერ წავა,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები