26 აპრილი 2024,   12:56
ვრცლად
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციისთვის ფუნქციის შეცვლას ოპოზიციაში კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციისთვის ფუნქციის შეცვლას ოპოზიციაში კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნულ ცვლილებას პოლიტიკურ შურისძიებად აფასებენ.

ოპოზიციის წევრები პრეზიდენტის სასახლისთვის ფუნქციის შეცვლის გამო, ხელისულებას სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინებაში ადანაშაულებენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი, ამბობს, რომ ხელისუფლება სასახლის ბედს საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე წყვეტს.

„სავალალოა, რომ საზოგადოების თვალწინ მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუციების ნგრევა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა ერთ-ერთი ასეთი ნათელი მაგალითი არის. სამწუხარო არის ასევე, რომ ივანიშვილის უმრავლესობას გადაწყვეტილი აქვს ოპოზიციასთან, საზოგადოებასთან, არქიტექტორებთან შეუთანხმებლად გადაწყვიტოს ამ შენობის ბედი და ჩვენ, ალბათ, ვიხილავთ, რომ ეს შენობა ისევ ივანიშვილის საკუთრებაში შეიძლება გადავიდეს. მაგრამ ყველამ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დადგება დღე, როდესაც ეს შენობა ისევე, როგორც სხვა სახელმწიფო ინსტიტუციები, ჩადგებიან არა ერთი ოლიგარქის სასარგებლოდ, არამედ ხალხის და სახელმწიფოს სამსახურში,“ - აცხადებს ბეჟაშვილი.

პრეზიდენტის სასახლისთვის ფუნქციის შეცვლაში ბიძინა ივანიშვილის პირად დაინტერესებას ხედავს პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - რეგიონების წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დეპუტატი მმართველ გუნდს ივანიშვილის სურვილების უსიტყვოდ შესრულების გამო აკრიტიკებს.

„ის, რომ ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო ინსტიტუტების და კონკრეტული შენობების მიმართ აქვს პირადი ბოღმა, ეს საყოველთაოდ ცნობილია და მთავრობა ახლა გადართულია იმაზე, როგორ ასიამოვნოს ივანიშვილს და არა ის, როგორ დაკმაყოფილდეს, ერთი მხრივ, ჩვენი მიღწეულით, შენობებს თუ ეხება და მუშაობა გავაგრძელოთ იმაზე, რაც ხალხს აწუხებს, რაც ხალხს სჭირდება,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

საგანგებო კომისიის სხდომაზე პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის ბედი წყდება. ქართული ოცნების 7 წევრი მსჯელობს თემაზე, თუ რა ფუნქცია უნდა მიენიჭოს ქვეყნის მეთაურის და უმაღლესი მთავარსარდლის ყოფილ სამუშაო სივრცეს.

ავლაბრის რეზიდენციაში შესაძლოა, განთავსდეს კულტურის ეროვნული ცენტრი ან მოეწყოს ინტეგრირებული სამუზეუმო სივრცე.

დღის ამბები