03 მაისი 2024,   14:44
ვრცლად
არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არის კერძო ბიზნესზე ზეწოლა - გიორგი ქობულია TBC-ის საქმეზე

„თიბისი ბანკის“ საქმეს და ეროვნული ბანკის მოთხოვნას, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობას ჩამოშორდეს, ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია ეხმაურება.

მინისტრი „თიბისი ბანკის“ საქმეში პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესს გამორიცხავს და ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეს კერძო ბიზნესზე ზეწოლასთან კავშირი არ აქვს.

ქობულიას განმარტებით, კომერციული ბანკთან მიმართებაში სერიოზული ბრალდებებია გახმოვანებული, რასაც ფაქტობრივი მტკიცებულებებიც ერთვის. მისივე თქმით, „თიბისი ბანკის“ საქმის გამოძიების პრეროგატივა სამართალდამცავ უწყებებს აქვთ.

„სამართალდამცავი უწყებები და პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან ამ საკითხში, ეს არის მათი პრეროგატივა. რა თქმა უნდა, ის ბრალდებები, რომლებიც გაჟღერდა, არის უმძიმესად სერიოზული ბრალდებები და ამაში გარკვევა არის საჭირო. ამას ჩვენ ვერანაირად ვერ დავაბრალებთ მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს. მე არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არის კერძო ბიზნესზე ზეწოლა, იმიტომ რომ აქ არის საკმაოდ სერიოზული ბრალდებები, რომელთაც აქვთ ფაქტობრივი მტკიცებულებები და ამიტომაც, ამაში უნდა გაერკვეს ისევ და ისევ ის ორგანოები, რომელთა ფუნქციას წარმოადგენს ამ ვითარებაში გარკვევა. ამაზე მეტს სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, ეს არის პროცესი, რომელსაც წარმართავს პროკურატურა,“ - განაცხადა ქობულიამ.

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა.

ლაპარაკია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.

„თიბისი ბანკი“ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები