26 აპრილი 2024,   21:46
ვრცლად
„მაინტერესებს, ჩავხედო ამ ხალხს თვალებში" - ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომას ზურაბ დათუნაშვილი ესწრება

ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის შეხვედრა დაიწყო, სადაც გეგა გეგეშიძესა და ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარი ინციდენტი უნდა განიხილონ.

სხდომა დახურულ კარს მიღმა იმართება.

შეხვედრას ზურაბ დათუნაშვილიც ესწრება.

ევროპის ჩემპიონი მოითხოვს, რომ გეგა გეგეშიძემ ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვოს.

შეხვედრის დაწყების წინ სხდომის მდივანსა და ზურაბ დათუნაშვილს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. მდივანმა ევროპის ჩემპიონს განუმარტა, რომ შეხვედრაზე, როდესაც მისი საკითხის განხილვა დაიწყებოდა, დათუნაშვილს სხდომაზე დასწრება შეეძლება.

„მაინტერესებს, ჩავხედო ამ ხალხს თვალებში, რას გადაწყვეტენ. ჩემი მოთხოვნაა, რომ გეგა გეგეშიძემ უნდა დატოვოს თანამდებობა,“ - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.

სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების კადრები კურიერმა გაასაჯაროვა, რის შემდეგაც გეგა გეგეშიძის წინააღმდეგ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა, სასამართლომ ის, 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

სხდომის პარალელურად, ძალადობას შენობის გარეთ აქციაზე აპროტესტებენ. ადგილზე შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები.

ამავე თემაზე
დღის ამბები