26 აპრილი 2024,   12:48
ვრცლად
„თიბისი ბანკის“ სკანდალური საქმე - პროკურატურა ორ ახალ ფიგურანტს ასახელებს

აღმოჩნდებიან თუ არა თიბისი ბანკის დამფუძნებლები საბრალდებო სკამზე - ამ საკითხს პროკურატურა ჯერ ღიად ტოვებს. მთავარ საგამოძიებო უწყებაში საგანგებო ბრიფინგზე მისულ ჟურნალისტებს ამ კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს. საქმის პროკურორმა მედიას „თიბისი ბანკის“ საქმეზე დღემდე ისედაც ცნობილი ფაქტები თავიდან უამბო.

საგამოძიებო უწყება დღეს ამტკიცებდა, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 17 მილიონი დოლარი მათთან დაახლოებული ბიზნესმენის დახმარებით გაათეთრეს. ბიზნესმენის გვარი პროკურორს არ უხსენებია, თუმცა „კურიერის“ ინფორმაციით, მთავარი პროკურატურა ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელს, ვატო წერეთელს გულისხმობდა.

წერეთელი ამ დრომდე არ დაუკითხავთ. მან დღეს სოციალურ ქსელში პროკურატურის განცხადებას სტატუსი მიუძღვნა და სამართალდამცველებს მისი მისამართი შეახსენა.

დღევანდელ ბრიფინგზე ინიციალებით მოიხსენიეს „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ფულის გათეთრების სქემის მონაწილე პაატა ღაძაძეც იყო.

საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი „თიბისის“ აქციონერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ დღევანდელი ბრიფინგით პროკურატურამ პარლამენტში კომიტეტის ჩაშლილი სხდომის ამბის გადაფარვა სცადა.

პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგს ოპოზიცია გამოეხმაურა. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ჩნდება ეჭვი, რომ დრო საგამოძიებო უწყების მიზანი მამუკა ხაზარაძის სხვა პროექტის, ანაკლიის პორტის მშენებლობის პარალიზებაა.

გუშინ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში საგანგებო განცხადება გააკეთეს, რომ მათი დამფუძნებლების გარშემო მიმდინარე გამოძიება ინვესტორებს აფრთხობდა და პროექტს პრობლემები ექმნებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები