06 მაისი 2024,   16:55
ვრცლად
ქურდობის გახშირებული შემთხვევები ახალქალაქში - ადგილობრივების თქმით, ბოროტმოქმედებს ცარიელ სახლებზე ინფორმაციას წინასწარ აწვდიან

ოქროს სამკაულები და ფული - ახალქალაქში ქურდებს კონკრეტული სამიზნეები აქვთ. ბოლო დროს ქალაქში ათობით სახლი გაიქურდა და წაღებული რამდენიმე კილოგრამი ოქრო, თუმცა ყველაზე გახმაურებული ბოლო ფაქტია, როდესაც ახალგაზრდა ოჯახს ქორწილში საჩუქრად მიღებული ძვირფასეულობა მოჰპარეს. ​

რუბიკ ერემიანის სახლი მაშინ გაქურდეს, როდესაც ის ოჯახთან ერთად ნათესავის ქორწილში იმყოფებოდა. წაღებულია დიდი რაოდენობით ოქრო და ფული. ძვირფასეულობა და ნაღდი ფული ერემიანებს შვილის ქორწილში მისულმა სტუმრებმა მიუტანეს. ბრილიანტის ქვებით მოჭედილ სამკაულებს ის სახლში ინახავდა. ერემიანები დარწმუნებულები არიან, რომ  ქურდებს ეს ინფორმაცია ჰქონდათ და ქურდობის დროც საგანგებო შეარჩიეს, როდესაც ისინი სახლში არ იმყოფებოდნენ.

სახლიდან ქურდებმა ერემიანების კუთვნილი თანხის გარდა, ოჯახის ნათესავის კუთვნილი დიდი ოდენობის ფულიც წაიღეს. აშოტ ერემიანი ყაზახეთში ცხოვრობს, ის საქართველოში ნათესავის ქორწილისთვის ჩამოვიდა და თანხა ძმის სახლში შეინახა.

ახალქალაქში, ბოლო პერიოდში ეს უკვე ქურდობის მეათე შემთხვევაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გახშირებული კრიმინალის გამო შეშინებული არიან და თავს დაუცველად გრძნობენ.

ადგილობრივები პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან ერთად პოლიციას აკისრებენ და ამბობენ რომ ისინი დაუცველები არიან.

ავტორი: ნინო გაზდელიანი, ნარგიზ პადოსიანი

დღის ამბები