04 მაისი 2024,   23:06
ვრცლად
მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გვიპასუხეთ, ეთანხმებით თუ არა სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს ცხინვალი - ბოკუჩავამ იზორიას მიმართა

თქვენ რა ავტომობილით გადაადგილდებით ბატონო ლევან და როდის შეიძინეთ? - თავდაცვის მინისტრს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ 2012 წელს გაკეთებული განცხადება შეახსენა.

ბოკუჩავას თქმით, 2012 წელს ლევან იზორია ამბობდა, რომ მაღალჩინოსნები ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილდებიან. ბოკუჩავამ მინისტრს, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ანგარიში წარდგენის დღეს პარლამენტის ეზოში გადაღებული არაერთი ძვირადღირებული ავტომობილის ფოტო აჩვენა და ჰკითხა, რა ღირს მისი ავტომობილი და როდის შეიძინა.

გარდა ამისა, ბოკუჩავამ მინისტრს კიდევ ერთი ფოტო წარმოუდგინა, სადაც ლევან იზორიას შემოსავლების მზარდი დინამიკაა ასახული.

„ვისურვებდი რომ ეს იყოს საქართველოს ეკონომიკის მზარდი დინამიკა, მაგრამ ეს არის თქვენი პირადი შემოსავლების მზარდი დინამიკა, მას შემდეგ, რაც თქვენ მოხვედით თანამდებობაზე,“-განაცხადა ბოკუჩავამ.

მან ასევე შეახსენა მინისტრს ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" კვლევა, სადაც გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მაღალი თანამდებობის პირები საკუთარ სტატუსს პირადი მიზნებისთვის იყენებენ.

ბოკუჩავამ ლევან იზორიას მისი ფეშენებელური სახლის ფოტოც წარმოუდგინა, რომელიც ლევან იზორიამ მინისტრად დანიშვნის შემდეგ აიშენა, თუმცა დეკლარაციაში ხარჯები არ მიუთითებია. 

„დეკლარაციის მიხედვით, თქვენ საერთოდ არ დაგიხარჯავთ არცერთი თეთრი, მე მაინტერესებს, როგორ აიშენეთ ბატონო ლევან, უფასოდ ასეთი ტიპის სახლები,“-მიმართა მინისტრს ბოკუჩავამ.

მისი თქმით, ჯარიდან ოფიცრების მასობრივი გადინება ხდება, ასევე დეპუტატი დაინტერესდა, რატომ ვერ გახდა „დელტა“ რენტაბელური პროექტი, როცა ის სამხედრო ტექნიკას 2012 წელსაც კი აწარმოებდა.

„ასევე რატომ დაშალეთ და მოკვეთეთ ბრიგადიდან მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონი, რომელშიც მსახურობდა გმირი გიორგი ანწუხელიძე. ხომ არ იყოს ეს პირდაპირ რუსთის დავალება იმიტომ რომ, სწორედ ამ ბრიგადამ მიაყენა გენერალ ხრიულოვს ჭრილობა და ამისთვის ხომ არ იყო რუსეთისგან დავალებული, რომ ეს ბრიგადა დასჯილიყო.

"ეთანხმებით თუ არა საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს, სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს მძინარე ცხინვალი - ან კი ან არა. ძალიან გთხოვთ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გვიპასუხოთ,“-მიმართა ბოკუჩავამ იზორიას.

დღის ამბები