05 მაისი 2024,   04:10
ვრცლად
მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობაში ბრალდებულს 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა

მესტიის საკრებულოს წევრის, ლომარ ნიგურიანის მკვლელობაში ბრალდებულს, მამუკა ნიგურიანს​ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მამუკა ნიგურიანი დაკავებული არ არის, ის მიმალვაში იმყოფება. 

მოსამართლემ განაჩენი ცარიელ დარბაზში გამოაცხადა.  სხდომა 16:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა 15:00 საათზე დაიწყო, რის გამოც პროცესზე დასწრება მხოლოდ პროკურორმა და ადვოკატმა შეძლეს.

ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. მათ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მოსამართლესთან შეხვედრა ითხოვეს, თუმცა ამის საშუალება დაცვის სამსახურმა მოკლულის ოჯახს არ მისცა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებასაც. ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და ითხოვს, ბრალდებულ მამუკა ნიგურიანს სასჯელი 109-ე მუხლით დაეკისროს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

შეგახსენებთ, რომ მესტიაში საკრებულოს წევრი და ენმ-ს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლომარი ნიგურიანი გასული წლის 25 დეკემბერს მოკლეს. მკვლელობა მეზობლებს შორის შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ნიგურიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

დღის ამბები