05 მაისი 2024,   07:01
ვრცლად
დაპირისპირება და მწვავე კამათი პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისვლას დიდი ხმაური მოჰყვა

პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისვლას დიდი ხმაური მოჰყვა. დეპუტატებმა ძირითადად ერთმანეთში და თანაც არასაბანკო საკითხებზე იკამათეს.

სიტყვიერი დაპირისპირება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლისას „ქართული ოცნების“ ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის დღის ბოლოს მოხდა. შოთა ხაბარელმა ლევან გოგიჩაიშვილი და პარტიიდან წასულები პროვოკაციაში დაადანაშაულა. „ოცნების“ ყოფილმა წევრებმა კობა გვენეტაძის მოსმენის ფორმატი გააპროტესტეს.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში 9 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, სხდომა ისე დამთავრდა, რომ ოპოზიციამ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო.

სწორედ რეგლამენტის გამო დღევანდელი სხდომა ხმაურით დაიწყო. მოთხოვნის მიუხედავად, გვენეტაძე არა საკომიტეტო განხილვაზე, არამედ სესიაზე მივიდა, რითაც დეპუტატებთან მწვავე დაპირისპირებას თავი აარიდა.

„თიბისი ბანკის“ საქმე და საბანკო რეგულაციები - კობა გვენეტაძესთან შეკითხვები დეპუტატებს მხოლოდ ორ საკითხზე ჰქონდათ. ოპოზიციამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პოლიტიკურ დაინტერესებაში დაადანაშაულა.

კობა გვენეტაძე ხელისუფლებისგან მითითებების მიღებას უარყოფს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ამტკიცებს, რომ თიბისი საქმეზე პრემიერ-მინისტრთან არც კი უსაუბრია. კობა გვენეტაძის შეტევის მთავარი ობიექტი დღეს მამუკა ხაზარაძე იყო და მას უმძიმესი ბრალდებები წაუყენა.

გადახედავს თუ არა ეროვნული ბანკი საბანკო შეზღუდვებს, ეს შეკითხვა ისევ ღიად რჩება. მმართველი გუნდი და ეროვნული ბანკი თვლის, რომ დასკვნების გასაკეთებლად საკმარისი დრო არ გასულა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტის სესიაზე მისივე მოთხოვნით მოუსმინეს. ოპოზიციის მოთხოვნა კი, მისი კომიტეტზე მისვლასთან დაკავშირებით მოთხოვნად დარჩა.

ამავე თემაზე
დღის ამბები