05 მაისი 2024,   01:01
ვრცლად
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩავარდა - უმრავლესობა მიზეზად აკუსტიკის პრობლემას ასახელებს

საკანონმდებლო ორგანოს სასკოლო გამოცდები დღეს უნდა გაეუქმებინა, საკითხი პარლამენტის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა, თუმცა კანონპროექტი ჩავარდა. თავდაპირველად ვერავინ მიხვდა, რატომ ჩააგდო საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი, რომლის მიღებასაც მთავრობა დიდი ხანია, აანონსებს. რამდენიმე წუთში კი გაირკვა, რომ დეპუტატებმა დარბაზში ხმა ვერ გაიგეს.

„ქართულ ოცნების“ დეპუტატმა ლევან კობერიძემ პროექტის კენჭისყრაზე განმეორებით დაყენება მოითხოვა, თუმცა ირაკლი კობახიძემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

რამდენიმე კვირის წინ დეპუტატებმა წითელი და მწვანე ღილაკები აურიეს და ზვიად კვაჭანტირაძე თანამდებობიდან ვერ გადააყენეს, ახლა კი ამტკიცებენ, რომ დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის ხმა არ ესმით და ვერ იგებენ, რომელი კანონპროექტი დგება კენჭისყრაზე.

კანონმდებლები აცხადებენ, რომ სამი გამოსავალი არსებობს, ან დარბაზში დინამიკები უნდა დაამატონ ან ირაკლი კობახიძე ძალიან ხმამაღლა ისაუბროს, ან დროებით მეგოფონი მოიშველიოს.

ჩაგდებული კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის
დღეს მორიგი ბრალდებების თემა იყო. ოპოზიციამ „ქართული ოცნება“ უპასუხისმგებლობასა და უმოქმედობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

აკუსტიკის პრობლემას დეპუტატები პარალამენტის თბილისში გადმოტანის შემდეგ უჩივიან. კანონმდებლები ნაწილი სხდომათა დარბაზში ყურსასმენებით დადის.

დარბაზში ხმაურთან დაკავშირებით სესიებიდან სესიებამდე არაერთი განცხადება კეთდება. დეპუტატმა ემზარ კვიციანმა კოლეგებს პრობლემის მოგვარების საკუთარი ვერსია შესთავაზა და დეპუტატებს ახალი დინამიკების შესაძენად თანხის შეგროვებისკენ მოუწოდა.

სხდომათა დარბაზში აკუსტიკის პრობლემის მოგვარების პირობა პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე კვირის წინ დადო, თუმცა პლენარულ სხდომათა დარბაზში არც დინამიკები შეუცვლიათ და არც ახალი ტექნიკა შეუძენიათ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები