03 მაისი 2024,   14:35
ვრცლად
გვიბარებს ადამიანი, რომელიც დღესაც ებრძვის ქართულ სახელმწფოს - დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერები პრეზიდენტის მიღებაზე არ მივლენ 

ადამიანები, რომლებმაც თავისუფლებისთვის 9 აპრილს დაწყებული ბრძოლა დამოუკიდებლობის აღდგენამდე მიიყვანეს, სალომე ზურაბიშვილს პროტესტს უცხადებენ. ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, ავლაბრის სასახლის კარი დღეს პირველად საზეიმო მიღებისთვის გაიღება, თუმცა ღონისძიება დღევანდელი დღის მთავარი გმირების, უზენაესი საბჭოს დეპუტატების გარეშე ჩაივლის.

უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრები 17:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლის შენობაში მისვლას არ აპირებენ. დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერები, რომლებიც დღეს 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდნენ ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქართულ სახელმწიფოს ებრძვის, როდესაც ის 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს. 

„გვიბარებს ადამიანი, რომელიც მაშინაც დამხობის მერეც ჩვენი, და დღესაც ებრძვის ქართულ სახელმწფოს. როდესაც ჯერ ადრე გვიმტკიცებდა, რომ სახელმწიფო არ უნდა იყოს საქართველო , რომ დამოუკიდებლობა არ შეიძლება. შემდეგ დამხობის მერე იცით, ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა და მიულოცა კიტოვანს და ჯაბას და სიგუას, რომ დიქტატურა დაამხეს. მაგრამ, სინამდვილეში, ეს სიტყვების თამაშია, თ9ორემ ეს იყო მისთვის იმ მთავრობა, რომელმაც აღადგინა სახელმწიფო და სწორედ ამას ეწინააღმდეგებოდნენ. ამის შემდეგ, დღესაც, როგორ გითხრათ, გინდა ქურდულად გავარჩიოთ და გნებავთ იურიდიულად. შეიძლება ყველა გვიმტკიცებდეს, მსოფლიო, რომ მართალი ხარ რუსეთთან და შენ იძახდე დამნაშავე ვარო. იცით რა, სალომემაც და უამრავმა ხალხმა, ვინც გვესროდა შეგნებულად, შეუგნებლად, ჯერ ბოდიში მოიხადონ, მოინანიონ და მერე ვილაპარაკოთ შეგირებაზე, როცა დღევანდელი მათი ქმედება დაგვარწმუნებს, რომ ისინი ისევ ქართული სახელმწიფოსთვის იბრძვიან,“ - განაცხადა უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრმა, ნემო ბურჭულაძემ.

უზენაესი საბჭოს  ყოფილი წევრი ბეჟან ჯავახია სალომე ზურაბიშვილს „დამარცხებულ ქალბატონს“ უწოდებს. მისი თქმით, ზურაბიშვილი ადრეც და ახლაც, რუსეთის მოკავშირეა. პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უპატიებელს უწოდებს ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძეც.​

„მოწინააღმდეგე ქართული სახელმწიფოებრიობის გახლდათ დღევანდელი ე.წ. სახელმწიფოს მეთაური. ადამიანი შეიძლება აპატიოს, გაიაზროს, მაგრამ მან იგივე გაიმეორა 2008 წელს, როდესაც ქართველი ხალხი დაადანაშაულა საკუთარი მოქალაქეების დაბომბვაში და ცხინვალში, 2008 წელს აგრესორის წინააღმდეგ ომის დაწყებაში დაგვადანაშაულა ჩვენ,“ - განაცხადა ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძემ.

დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერების ბრალდებებს არ უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა. ის ჟურნალისტების კითხვებს გაექცა და ტერიტორია დაცვის თანამშრომლების დახმარებით დატოვა. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

 

 

 

დღის ამბები