30 აპრილი 2024,   23:49
ვრცლად
პრეზიდენტის ხმაურიანი მიღება - ზურაბიშვილს 9 აპრილს დაღუპული გმირების სახელების ნაწილი გამორჩა, ნაწილი კი შეცდომით წაიკითხა

პირველივე მიღება პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილისთვის ხმაურიანი აღმოჩნდა - თამარ ჭოველიძის მამამ შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან დაწყებიდან რამდენიმე წუთში პროტესტის ნიშნად დატოვა.

9 აპრილის 16 წლის გმირი, რომლის სახელი თბილისში ერთ-ერთ ქუჩასაც კი დაარქვეს, სალომე ზურაბიშვილს სიიდან გამორჩა. ამის შემდეგ არკადი ჭოველიძემ, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში შვილის სახელით მივიდა, თქვა, რომ ამ შეხვედრაზე მისი ადგილი არ არის.

ჭოველიძის მამის პროტესტის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს შეცდომის გამოსწორება და ოჯახისთვის ბოდიშის მოხდა არ უცდია.

პრეზიდენტს შეხვედრის დასრულების შემდეგ ამის შანსი რუსთავი2-ის კითხვაზე პასუხის დროს ჰქონდა. თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალიც და სპეციალურად გამართული მიღებაც ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებისთვის და თამარ ჭოველიძის მამისთვის პასუხის გაცემაც არ ისურვა.

სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, განმარტება პრეზიდენტის სახელით ადმინისტრაციის უფროსმა გააკეთა.

ლაშა ჟვანია ამბობს, რომ სიაში თამარ ჭოველიძის გვარი ეწერა და ქვეყნის პრეზიდენტს ტექნიკური შეცდომა მოუვიდა.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთი მძიმე შეცდომა დაუშვა - ქვეყნის პრეზიდენტმა 9 აპრილის გმირების გვარები ფურცლიდან შეცდომით ამოიკითხა. მათ შორის, რუსული არმიის მიერ მოკლული კიდევ ერთი 16 წლის გოგონას - ეკა ბეჟანიშვილის გვარი, მისი ოჯახი კი შეხვედრაზე საერთოდ არ მიიწვია.

სალომე ზურაბიშვილმა შეცდომით დაასახელა დარბაზში მყოფებს შორის მანანა არჩვაძე- გამსახურდიას გვარიც, თუმცა, პრეზიდენტს ეს შეცდომა მალევე გაუსწორეს. ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრებიდან ავლაბრის სასახლეში დღეს მხოლოდ კონსტანტინე გამსახურდია მივიდა.

სწორედ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაშვებული შეცდომები გახდა იმის მიზეზი, რომ 9 აპრილის აღსანიშნავად გამართულ შეხვედრაზე უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატების ნაწილი საერთოდ არ მისულა.

ზვიად გამსახურდიას მთავრობის ის წევრები კი, ვინც სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას დასთანხმდა, მის გამონათქვამებს პრეზიდენტის მიერ ქართული ენის არცოდნით ან ახალგაზრდობაში დაშვებული შეცდომებით ხსნიდნენ.

ხმაურით და სკანდალებით დაწყებული შეხვედრა ასევე ხმაურით და სკანდალით დასრულდა. ტრიბუნასთან, საიდანაც ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებს პრეზიდენტმა მიმართა, მოგვიანებით გურამ პეტრიაშვილი მივიდა, რომელსაც დღეს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა და კონკრეტული მოთხოვნების გადაცემა სურდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები