30 აპრილი 2024,   21:31
ვრცლად
"ივანიშვილმა დაავალა მის ტელევიზიას, რომ მოემზადებინათ ეს სიუჟეტი" - ნიკა ობოლაძე

"ტელეიმედში გასული სიუჟეტი, რომელიც ნიკა გვარამიას ლექსიკას ეხებოდა, ივანიშვილის დაკვეთილი იყო," - ასეთია ნიკა ობოლაძის შეფასება.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონია რეაქცია, როდესაც მას აკრიტიკებენ ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო, მაგრამ ჰქონდა რეაქცია, როდესაც მან ჩათვალა, რომ პირადად მას შეეხნენ.

„მთავარი, რაც ამ ამბავში არის, არის ის, რომ რა რეაქცია ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს ამ ყველაფერზე. ივანიშვილისთვის უთქვამთ, რომ არის რუსი ოლიგარქი, უთქვამთ, რომ ორლარიანი სიგარეტი გახადა 5 ლარი, უთქვამთ, რომ ქვეყანა გაყიდა, ბევრი კრიტიკა მოგვისმენია ივანიშვილის მისამართით, მათ შორის ის, რომ მკვლელობებს არ იძიებს და ა.შ. მაგრამ ამ ადამიანს რეაქცია არ ჰქონია ამ ყველაფერზე იმიტომ, რომ ის არ აღიქვამს თავის თავს პოლიტიკოსად. ანუ პოლიტიკურ კრიტიკას ის არ აღიქვამს, არ სტკივა და ეს მიაჩნია სხვის პრობლემებად. ის აღიქვამს იმას, რაც შეიძლება, პირადად მას შეეხოს. მან ჩათვალა, რომ მას პირადად შეეხნენ და უნდა ემოქმედა და ამიტომ მან ამ წლების განმავლობაში პირადად დაავალა მის ტელევიზიას, რომ მოემზადებინათ ეს სიუჟეტი, მოეგონებინათ რაღაც წერილი და მათ შორის შემოეთვალათ გვარამიასთვისაც და ეთქვათ, რომ არა, ეგრე არ შეიძლება. რატომ არ შეიძლება ეგრე? იმიტომ, რომ მან ჩათვალა, რომ მას, როგორც პირველ მაფიოზს, პირველ "განაბს" ქვეყანაში, შეეხნენ და მას მისი რეპუტაცია უნდა დაეცვა,“ - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

პირდაპირ ეთერში ნიკა გვარამიას გინებას იმედმა ვრცელი რეპორტაჟიც მიუძღვნა, რომელიც თითქოს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების პროტესტზე ააგო და რომლებმაც, თითქოს, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წერილსაც კი მოაწერეს ხელი, თუმცა, საბოლოოდ არხმა ეს წერილი ვერ წარმოადგინა.  

დღის ამბები