04 მაისი 2024,   23:53
ვრცლად
უსაფრთხოების ნორმების დარღვევა "პანორამა თბილისის" მშენებლობაზე - მუშები 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ პანორამა თბილისის მშენებლობაზე, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სამი მუშა გადმოვარდა და დაშავდა.

ახალგაზრდები 10 მეტრის სიმაღლეზე პანორამა თბილისის გარე ფასადს ლესავდნენ, რა დროსაც კალათა ჩამოვარდა და მუშები დაშავდნენ.

შემთხვევის ადგილზე გადაღებული პირველ ვიდეოკადრებში ისმის, რომ მუშები შველას ითხოვდნენ, თუმცა, პანორამა თბილისი რუსთაველის პირველში მდებარე კორპუსთან იმდენად ახლოს არის აშენებული, რომ იქ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს შესვლაც კი გაუჭირდათ.

ვიდეომასალაში ჩანს, რომ მშენებლობის უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია. მუშებს არ ეცვათ სპეცტანსაცმელი და არ ჰქონდათ ჩაფხუტები.

ბიძინა ივანიშვილის პანორამა თბილისის მშენებლობაზე სამოქალაქო აქტივისტები ძალის გამოყენებით მას შემდეგ შევიდნენ, რაც ტერიტორიის დათვალიერების უფლებას ივანიშვილის ობიექტის დაცვის სამსახური შრომის ინსპექციის თანამშრომლებსაც კი არ აძლევდა. მათ შესასვლელი კარი თვითნებურად გახსნეს და შიდა ეზოში შესვლა შეძლეს.

პანორამა თბილისის მშენებლობაზე დაშავდნენ 21 წლის გიორგი ლიპარტელიანი, 19 წლის ნოდარ ჩახალიანი და 20 წლის დავით ოჩხიკიძე.

სამივე ლანჩხუთიდანაა და ახლო მეგობრები არიან. თბილისში ისინი ლიპარტელიანების სახლში ცხოვრობენ და რამდენიმე წელია, პანორამა თბილისის ობიექტებზე მუშაობენ.

შენობიდან ახალგაზრდების გადმოვარდნის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრების ნაწილმა სოციალური ქსელიდან შეიტყო და ფოტოებსა და ვიდეოში ნათესავები ამოიცნეს. ამის შემდეგ ისინი კლინიკებში მივიდნენ.

საავადმყოფოებში, სადაც დაშავებული ახალგაზრდები გადაიყვანეს, პოლიციელები იმყოფებიან და მომხდარის შესახებ მუშების გამოკითხვა მიმდინარეობს.

პანორამა თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან შრომის ინსპექციის წარმომადგნელები.

თუ შემოწმების შედეგად კომპანიის ბრალეულობა დადგინდება, მაშინ ბიძინა ივანიშვილის კომპანიას 10 ათას ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს.

 

დღის ამბები