05 მაისი 2024,   10:00
ვრცლად
30 დეპუტატი 6-ის წინააღმდეგ - საკრებულომ ბექა ოდიშარიას 3 ათას კვ. მეტრი მიწა 30 ათას კვ. მეტრ ფართში გაუცვალა

30 დეპუტატი 6-ის წინააღმდეგ - თბილისის საკრებულომ ბექა ოდიშარიას 3 ათას კვადრატული მეტრი მიწა 30 ათას კვადრატულ მეტრ ფართში გაუცვალა.

დღევანდელი სხდომა საკრებულოს სხდომათა დარბაზში ტრადიციულად ხმაურიანი და დაძაბული გამოდგა.

6 დეპუტატს შორის იყვნენ ენმ-ს და "ევროპული საქართველოს" სამი წევრი, "ოცნებიდან" წასული ორი დეპუტატი, ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი და ერთი მმართველი გუნდის მოქმედი დეპუტატი, ლევან ჯაფარიძე.

მიწის გაცვლას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ, სადაც ამბობენ, რომ არ შეიძლება 6 მილიონი ლარის ქონების გადაცემა 200 ათას ლარად შეფასებული მიწის სანაცვლოდ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ბექა ოდიშარიას პრივილეგიები კალაძესთან მეგობრობის გამო აქვს.

„დედაქალაქის მერია 212 ათასი ლარის ქონებაში აძლევს 5 მილიონ 600 ათასი ლარის ქონებას ანუ 26-ჯერ უფრო მეტს, ვიდრე თავის დროზე გადაიხადა. ახლა თქვენ გეღიმებათ, მაგრამ არ მგონია საზოგადოებას გაეღიმოს, როცა გაიგებს, რომ მაგალითად, კვ. მეტრი აქვს 20 ლარად ნაყიდი ბატონ ოდიშარიას. არის აქტები, მაგალითად, 1600 კვადრატული როცა იყიდა, 35 ლარი გადაიხადა კვადრატში. დღეს დედაქალაქის მერია, მისი ძმაკაცი კალაძე, რომელიც არ უარყოფს, რომ მეგობარია, აძლევს კვადრატულში 1700 ლარს. მეგობრებო, 20 ლარსა და 1700 ლარს შორის სხვაობა არის 86-ჯერ უფრო მეტი... არ არსებობს ქალაქში მიწის ნაკვეთი, რომელზეც შეიძლება 86-ჯერ გაიზარდოს ფასი,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ოცნების" დეპუტატი, ლევან ჯაფარიძე, რომელმაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა, ამბობს, რომ 2008 წელს ოდიშარიას ეს ტერიტორია ნაწილობრივ უკანონოდ, შესაბამისად, საკმაოდ დიდი თანხის გადახდა უწევს ქალაქის მთავრობას დეპუტატისთვის.  

„დღეს ზუსტად ის საბუთები და პაკეტი რომ ამოვიღოთ და მე როგორც დღეს, თვითნებურად მიტაცებული მიწების კომისიის წევრი, დღეს რომ განვიხილოთ ის საბუთები, მე დარწმუნებული ვარ, როგორც მე, ისე ჩვენი კომისიის წევრები, დღეს უარს ეტყოდა ბექა ოდიშარიას. შესაბამისად, მე 2008 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ ვაყენებ და ამიტომ ვფიქრობ, რომ მორალურადაც უხერხულია უბრალოდ, ერთი ხელისუფლების დროს ნაჩუქარ მიწას, დღეს, რომ ყიდულობს თუ ყიდის ამ ფასად,“ - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, ლევან ჟორჟოლიანი ამბობს, რომ თბილისის მთავრობა სამართლებრივი გზების გამოყენებით მოქმედებს.

„როდესაც ქალაქი რაღაც საკითხს მიზანშეუწონლად თვლის და კანონიერ მესაკუთრეს, ეს იქნება პარლამენტის წევრი, ჩვეულებრივი მოქალაქე, მეცნიერ-მუშაკი თუ არ აქვს მნიშვნელობა, უზღუდავს, ამ დროს არის 3 ვარიანტი საერთოდ. ერთი არის, რომ მოანაცვლო იმას, რასაც ვაკეთებთ. მეორე, მიხვიდე და იჩუქო და მესამე არის რომ პროკურატურაში დაიბარო ან ფინანსური პოლიცია შეუვარდეს და წაართვა. ამ სამ გზას იცნობს, რეალურად, პრაქტიკა. ჩვენ ვირჩევთ იმ გზას, რომელიც არის სამართლებრივი,“ - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

დღის ამბები